ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 37
და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა.
იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი.
შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო.
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი.
მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი.
და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ!
მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!
ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ.
ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით.
და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.
მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
და ვსწინაწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვა და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.
ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა.
და ვიხილე და, აჰა, ზედდაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის.
დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის
და თქვა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ.
მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ.
და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად.
მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.
და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით.
მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაილისა.
ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო,
მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო.
და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე, უფალი, ვიტყოდე და ვყო, - იტყჳს ადონაი უფალი.
ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
და ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ და კუერთხი მეორე მოიღე თავისა შენისად, და დასწერო მას იოსებ, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისდამი.
შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;
და შეაყვნე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა.
ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.
და იყო, ოდეს იტყოდიან შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი?
როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?
და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდასსა.
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს, რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს, გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი იქნება ჩემს ხელში.
და იყუნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა.
როცა ეს ხეები, რომლებზეც წააწერე, შენს ხელში იქნება შენს თვალწინ.
და ჰრქუა მათ: ამათ იტყვის ადონაი უფალი აჰა, მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაილისა.
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გამოვიყვან ისრაელიანებს ხალხებიდან, რომლებთანაც არიან წასული, გამოვკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე,
და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა და მთათა შორის ისრაჱლისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ.
ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.
რაჲთა არ შეიგინებოდიან მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად.
აღარ გაუწმიდურდებიან თავიანთი კერპებით და სისაძაგლეებით, არანაირი დანაშაულით, და ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ; გავწმედ მათ და ერად მეყოლება ისინი, მე კი მათი ღმერთი ვიქნები.
და მონაჲ ჩემი დავით მთავარი შორის მათსა. და მწყემსი ვრთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ.
ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.
და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳრნენ მას ზედა იგინი და ძენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით, მონაჲ ჩემი, მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე.
იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
და აღუთქუა მათ აღთქმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა, და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი, და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ.
დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვდრებ მათ და გავამრავლებ, მათ შორის დავდგამ ჩემს საწმიდარს საუკენოდ.
და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან.
და ცნან წარმართთა, ვითარმედ მვ ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე.
მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის.
