ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 46

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის.

ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.

2

და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშისა, და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა, და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლადდასაწუელთა მისთა, და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა. და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე.

შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.

3

და თაყვანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთუეთა წინაშე უფლისა.

თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარობისას.

4

და ყოვლადდასაწუელნი მოართუნეს წინამძღუარმან უფლისა დღესა შინა შაბათთასა: ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი უბიწოჲ

აი, აღსავლენი, რომელიც უნდა მიუტანოს მთავარმა უფალს შაბათ დღეს: ექვსი საღი ბატკანი და ერთი საღი ვერძი.

5

და მანააჲ, ჳფი ვერძსა და ტარიგთა მსხუერპლი, საცემელი ჴელისა თჳსისაჲ, და ზეთისა ინი ცხობილსა.

ძღვენი - ერთი ეფა ვერძზე, ხოლო ბატკნებზე ძღვენი - შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.

6

და დღესა შინა ახალთთჳსასა ჴბოჲ ერთი მროწეულით უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწონი იყვნენ.

ახალი მთვარის დღეს საღი ხბოები, ექვსი საღი ბატკანი და ვერძი უნდა იყოს.

7

და ცხობილი ჴბოსა და ცხობილი ვერძსა ეყოს მანააჲ, და ტარიგთა მათ, ვითარ-იგი ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა.

ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა გაამზადოს, ბატკნებზე კი - როგორც ხელი მიუწვდება, და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.

8

და შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს.

როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.

9

და ოდეს შევიდოდის ერი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა შინა, შემავალი გზისაგან ბჭისა ჩრდილოჲთკერძისა, თაყუანის-ცემად გამოვიდეს გზისაგან ბჭისა სამხრადმიმართისა, და შემავალი, გზისაგან ბჭისა სამხრითკერძოჲსა გამოვიდეს გზისაგან ბჭისა ჩრდილოთმიმართისა, და არა მიიქცეს გზად მიმართ ბჭისა, რომელსა შევიდა, არამედ დამართით მისსა განვიდეს.

როცა ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ, არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ.

10

და წინამძღუარი იგი საშუალ მათსა შესლვასა შინა მათსა შევიდეს მათ თანა და გამოსლვასა შორის მათსა გამოვიდეს.

მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.

11

დღესასწაულთა და კრებათა იყოს მსხუერპლი: ჳფი ზუარაკსა და ჳფი ვერძსა და ტარიგთა, ვითარსახედცა ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა თანა.

დღესასწაულებში და ზეიმებში ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა იყოს, ბატკნებზე კი შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.

12

ხოლო უკეთუ უქმნას წინამძღუარმან ნეფსითი ყოვლადდასაწუელი მაცხოვარებისაჲ უფალსა და განუღოს თავსა თჳსსა ბჭე, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, და ქმნას ყოვლადდასაწუელი მისი და მაცხოვარებისა მისისანი, ვითარსახედ ჰყოფს დღესა შინა შაბათისასა, და გამოვიდეს და დაჰჴშნეს კარნი შემდგომად გამოსლვისა მისისა.

როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე და ის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.

13

და ტარიგი წელიწდეული უქმნას ყოვლადდასაწუელად უბიწოდ დღითი დღე უფალსა და განთიად-განთიად ქმნას იგი.

წელგამოვლი კი საღი ბატკანი შესწირე ყოველდღიურად უფალს აღსავლენად; ყოველ დილას შესწირე.

14

და მანააჲ ქმნას მას ზედა განთიად-განთიად მეექუსე საწყევოსა და ზეთი მესამედი ინისა შესუარვად სემიდალი მანაად უფლისა, ბრძანებად საუკუნოდ.

ძღვენი უნდა გაუმზადო მასთან ერთად დილაობით - ეფის მეექვსედი, ხოლო ზეთი ჰინის მესამედი, გამტკიცული ფქვილის მოსაზელად. ეს არის საუფლო მუდმივი ძღვენის საუკუნო წესი.

15

მარადის ჰყვით ტარიგი, მანააჲ და ზეთი, ყავთ განთიად ყოვლადდასაწუელი სამარადისოდ.

გაამზადონ ბატკანი, ძღვენი და ზეთი დილაობით მუდმივი აღსავლენისთვის.

16

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ სცეს წინამძღუარმან საცემელი ერთსა ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან მისისა, იგი ძეთა მისთად იყავნ, დასაპყრობელ მათდა არს იგი სამკჳდრებელი.

ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.

17

ხოლო უკუეთუ სცეს საცემელი სამკჳდრებელისაგან მისისა ერთსა ყრმათა მისთაგანსა, და იყოს მისსა ვიდრე წიაღამდე მიტევებისა, და უკუნეცეს წინამძღუარსა თჳნიერ სამკჳდრებელისა ძეთა მისთაჲსა, მათდა იყოს.

თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.

18

და არა მოიღოს წინამძღუარმან სამკჳდრებელისაგან ერისა მისისა მიმძლავრებად მათდა, დასაპყრობელისაგან მათისა, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, დაუმკჳდროს ძეთა მისთა, რაჲთა არ განიბნიოს ერი ჩემი თითოეული დასაპყრობელისაგან თჳსისა.

ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.

19

და შემიყვანა მე შესავალისა მიერ ჩრდილოჲთკერძისა ბჭისასა, საყდრისა მიმართ წმიდისა წმიდათასა მღდელთაჲსა, მხედველისა ჩრდილოჲთ კერძო, და აჰა, მუნ ადგილი განშორებულ ზღჳთ კერძო.

შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.

20

და თქვა ჩემდამო: ესე ადგილი არს, სადა შეაგბიან მუნ მღდელთა უმეცრებისა ძლითნი და ცოდვისა ძლითნი, და მუნ შემზადიან მანააჲ, ყოვლადვე არგამოღებად გარეშესა ეზოსა წმიდა-ყოფად ერისა.

მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.

21

და განმიყვანა მე გარეშედ ეზოდ და მომავლო მე ოთხთავე კერძოთა ეზოსათა, და, აჰა, ეზოჲ კედელსა თანა ეზოჲსა, თითოეულსა კედელსა ეზოჲ.

გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე და, აჰა, თითო ეზო იყო ეზოს ყოველ კუთხეში.

22

ოთხთავე თანა კედელთა ეზოჲსათა და ეზონი მცირენი სიგრძით წყრთათა ორმეოცთანი და სივრცით წყრთათა ოცდაათთანი, საზომი ერთი ოთხთაჲვე.

ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მომცრო ეზო იყო ორმოცი წყრთა სიგრძისა და ოცდაათი წყრთა სიგანისა; ოთხივეს ერთი ზომა ჰქონდა კუთხეებიდან.

23

და საყდარნი მრგულივ ოთხთავე მათ შინა და სამზარეულოჲ, ქმნილი ქუეშე კერძო საყდართასა მრგულივ.

ირგვლივ კედელი ერტყა მათ, ოთხივე კუთხეს ირგვლივ, და სამზარეულოები იყო მოწყობილი კედლების ძირას, ირგვლივ.

24

და თქუა ჩემდამო: ესე სახლნი სამზარაულოთანი, სადა შეაგბიან მუნ მსახურთა სახლისათა მსხუერპლნი ერისანი.

მითხრა: ეს არის მზარეულთა სახლი, სადაც ხარშავენ ტაძრის მსახურნი საერო მსხვერპლს.