ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 47

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯუენისა, ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.

2

და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოდმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.

გამიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭისკენ, გარეთა გზით, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება, და აჰა, მოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.

3

და, აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.

როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი.

4

და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.

გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო.

5

და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.

გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე.

6

და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.

მითხრა: ხომ დაინახე, ადამის ძევ! წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას.

7

დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.

8

და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.

მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები.

9

და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალიფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.

ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის.

10

და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.

იდგებიან იქ მეთევზეები და ენგადიდან მოყოლებული ენყეგლაიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი.

11

და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და მოქცევასა შინა მისსა და ზეშთააღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.

ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.

12

ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ თუეთა მისთასა, წინაწარ გამოიღოს მით, რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებაჲ მათი სიმართლედ.

მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად.

13

ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ ქუეყანისანი, ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეძინება განზომისაჲ.

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.

14

და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.

თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ.

15

და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰხეთქს შესავალსა ელდამ

აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,

16

ემათისსა, მაავთიირას, ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.

ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის რომ არის მოქცეული, და შუა ხაცერამდე, ხავრანის საზღვართან რომ მდებარეობს.

17

და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდმიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.

გავა საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.

18

პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავლთაჲთ მიმართ.

აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.

19

და სამხრის და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოჲსა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.

სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.

20

და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.

დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე.

21

და განისაზღვრეთ ქუეყანა ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.

დაინაწილეთ ეს ქვეყანა ისრაელის შტოთა შორის.

22

ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებელთა საშუალ თქუენსა, რომელთა შვნეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა: თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.

დაინაწილეთ წილისყრით სამკვიდრო თქვენ და თქვენმა მდგმურებმა, თქვენს შორის რომ მდგმურობენ და შვილები გააჩინეს თქვენს შორის; ძირეულნი უნდა იყვნენ თქვენთვის ისინი ისრაელიანებში და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის შტოთა შორის სამკვიდროსთვის.

23

და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მის ცეთ სამკჳდრებელი მათ, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

რომელ შტოშიც იქნება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო, ამბობს უფალი ღმერთი.