ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 29
წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,
ადამის ძევ! მიმართე პირი ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ, და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს.
იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.
ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.
და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.
ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.
და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე, და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად.
მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა.
მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.
ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა, შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი.
როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს.
და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან: მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი,
გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო.
ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.
ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე.
არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.
არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.
და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.
უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.
ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ.
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული.
და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა.
დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ.
და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის.
სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს.
და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად, აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.
აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი.
ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა.
ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა.
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს სასყიდელ ძალისა მისისა.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.
მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი, უფალი:
მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი.
მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
