ესაია წინასწარმეტყველი · თავი 8
და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.
მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.
ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ
დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად) .
მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.
რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:
კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.
რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,
ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.
ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.
შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.
დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.
ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.
რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.
ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.
ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,
მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.
ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.
ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.
შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.
და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.
მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.
აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?
თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.
მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.
ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.
მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
