ესაია წინასწარმეტყველი · თავი 7

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.

იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.

2

და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.

ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.

3

და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.

უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,

4

და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.

და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.

5

განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:

რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს:

6

აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.

გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე.

7

ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;

ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!

8

არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.

რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი.

9

და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.

ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ.

10

და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:

კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:

11

ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.

მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.

12

და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.

უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.

13

და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?

უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?

14

ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.

ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.

15

ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;

ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.

16

რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.

მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.

17

არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.

ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს.

18

და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.

იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.

19

და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა.

მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.

20

მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს.

იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.

21

და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.

იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს.

22

და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.

რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი.

23

და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.

იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა.

24

ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა:

მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული.

25

და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და დასათრგუნველ ზროხისა.

ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი.