ესაია წინასწარმეტყველი · თავი 19
ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ შორის.
ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.
და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა.
ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა,
დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ.
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე:
ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე მოაკლდეს და განჴმეს.
წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,
და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და მდელოჲ.
მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.
ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა.
გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.
და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და მესათხევლენი იგლოვდენ.
დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას.
და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და მოქმედნი ბისსონსა.
შერცხვებიან ვარცხნილი სელის მკეთებელნი და მაქმანების მქსოველნი.
და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი.
დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან.
და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი?
შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო?
სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან: რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა?
სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს?
მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ.
გაბრიყვდნენ ცოყანის მთავრები, მოტყუვდნენ ნოფის მთავრები. შეაცდინეს ეგვიპტე მისი ტომების თავკაცებმა.
რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.
რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი.
და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული.
არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება.
მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ.
იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.
და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად; ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს, რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა.
შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა.
მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ ეწოდოს ერთსა ქალაქსა,
იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.
მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა.
იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან.
და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა, რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი.
იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ.
და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ.
გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც.
და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი კურნებითა.
დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც; მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს.
მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა.
იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად.
მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,
იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში,
რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ.
რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი.
