ესაია წინასწარმეტყველი · თავი 52

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან.

გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!

2

განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან.

ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები, დატყვევებულო სიონის ასულო!

3

რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ.

რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით.

4

ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს.

რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნაედა მას არაფრისთვის.

5

და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის.

რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი.

6

ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ.

ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ!

7

ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან,

რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!

8

რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი.

აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი.

9

ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა, რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი.

იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.

10

და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა.

გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა.

11

და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა,

წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!

12

რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით, რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ, ღმერთი ისრაჱლისა.

რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან.

13

აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად,

აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება.

14

ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა.

რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!),

15

ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ.

იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ.