ესაია წინასწარმეტყველი · თავი 22
სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა ამაოთა?
ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?
აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი.
გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან.
ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს.
შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია!
ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,
ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა.
რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება.
ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა და შესაკრებელთა განწყობილისა.
ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა ფარი გააშიშვლა.
და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა, ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი.
შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები კარიბჭეს მიაწყდნენ.
და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა.
აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში.
და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის.
ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო ტბორში წყალი დააგუბეთ.
და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა.
აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად.
და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ.
მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ.
და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა,
იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.
მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.
და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.
გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ მეუნჯისა და არქუ მას:
ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს;
რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე თავისა შენისა კარავი კლდესა შორის.
აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი.
აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი.
აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად.
როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი!
და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან შენისა დაგამჴუას შენ.
გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან.
და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა ქელკისსა,
იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს, ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა.
და შენი შესამოსელით შეგმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა; და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ.
მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა.
სამსჭვალივით ჩავარჭობ მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება.
და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა.
მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას - მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე.
მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი, გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა.
