ესაია წინასწარმეტყველი · თავი 17
სიტყვა დამასკისა:
აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად
დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!
დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი.
გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ.
და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:
არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ.
იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება.
და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა.
იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.
და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა, ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა:
დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ.
იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.
და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა საძაგელთა მათთა.
აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს.
მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ მოოჴრებულ
იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება.
მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი ურწმუნოჲ.
რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო ვაზი ჩაგიყრია.
ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო, ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა.
იმ დღეს ააღორძინებს შენს დარგულს და იმ დილას ააყვავებ შენს დათესილს, მაგრამ ალოობისას უკურნებელ მწუხარებას მოიმკი.
ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა წყალმან, იოხროს.
ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით.
ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი.
ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან.
მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა დამამკჳდრებულთა.
დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა.
