ესაია წინასწარმეტყველი · თავი 33
ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ.
ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!
უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა.
უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში!
ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა და განითესნეს ნათესავნი.
შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები.
ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.
აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის.
წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა
აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო სიონი სამართლითა და სიმართლით.
შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ; ესე საუნჯენი სიმართლისანი.
ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი,
აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი მწარედ ატირდებიან.
რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად.
გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა, მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული.
იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი.
გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი.
აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო,
ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები.
აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.
თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი.
და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი.
საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში.
ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.
გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება!
განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების, ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ?
შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?
მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ.
მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე -
ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ.
აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.
მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა შორიელი.
შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას.
სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი? სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი,
შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი?
რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ.
თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს.
აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი არა განირღუენ.
შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება.
რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე.
რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის.
უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი, მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან გუაცხოვნნეს ჩუენ.
რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ.
განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა.
მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას.
და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ მიეტეოს მათ ცოდვა.
არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული.
