ესაია წინასწარმეტყველი · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.

სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.

2

ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.

უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.

3

და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.

დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.

4

და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.

5

და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,

ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!

6

რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,

მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.

7

რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.

ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.

8

და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.

ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.

9

და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.

დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.

10

და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,

კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!

11

რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,

დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!

12

რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,

რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.

13

და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,

ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,

14

და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,

ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს,

15

და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,

ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს,

16

და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.

ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას.

17

და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.

დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.

18

და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ

და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.

19

შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,

შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.

20

რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,

იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.

21

შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.

რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.

22

და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა?

ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?