ესაია წინასწარმეტყველი · თავი 32

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ.

აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.

2

და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა. და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა წყურიელსა,

თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.

3

და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა.

არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.

4

და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა.

თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.

5

და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ,

აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.

6

რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად,

რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.

7

რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა შინა.

ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი.

8

ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და განზრახვა იგი ჰგიეს.

ღირსეული კი ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას.

9

დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი.

უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი!

10

დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა: განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე.

ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება.

11

განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა წელთა თქუენთა.

გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.

12

და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა და ვენაჴისა ნაყოფისა,

მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო.

13

ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი,

ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო!

14

სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა.

რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.

15

ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება.

16

და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან შორის კარმელისა დაიმკჳდროს.

მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე დამკვიდრდება წალკოტში.

17

და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე.

მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე.

18

და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა.

დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში.

19

ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა.

მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად გაივაკებს.

20

ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და ვირი თრგუნავს.

ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს!