იობი · თავი 7

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.

2

ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,

როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,

3

ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.

ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.

4

ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი, კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.

თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;

5

შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა, დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა.

მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;

6

ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.

ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;

7

მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.

გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;

8

ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი ჩემზედა, და არღარა ვარ,

ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!

9

ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს.

განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,

10

არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.

11

აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი.

მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.

12

აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?

13

ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.

როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,

14

მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე.

მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,

15

განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.

დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები!

16

არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ ჩემი.

მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე.

17

რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა?

რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?

18

ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?

რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?

19

ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?

როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?

20

უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი. რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად!

თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?

21

ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ, ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო.

რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.