იობი · თავი 38
ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა?
ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე.
წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ.
სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა?
ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?
ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა?
რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი.
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?
და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა.
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი.
როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,
დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი.
როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი.
და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?
ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი
თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან?
რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა?
გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება,
ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?
წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.
მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა?
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ?
თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს?
თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ?
სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი?
რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?
მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს?
თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?
მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?
თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა.
რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით ცასა ქუეშე? მითხარღა მე!
რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ ნადირთა?
ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა
რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს მცენარენი?
რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?
ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი ცუარისანი?
თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა?
ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო?
როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?
გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?
თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?
შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი ზედა ქუეყანისა?
თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?
ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან?
თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?
უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ?
ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?
ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს?
თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!
ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა მეცნიერებაჲ?
ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი ქუეყანად მოდრიკნა?
ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის,
განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი, ვითარცა ლოდსა კუბაჲ?
როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?
ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი შენ განაძღენ?
ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,
და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან იგინი მაღნართა შინა და მზირიან.
როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?
ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ.
საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?
