იობი · თავი 42

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

2

ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.

3

ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.

4

ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.

5

ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.

6

ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.

ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.

7

შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.

მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.

8

ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.

9

წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,

წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა მათ უფალმა. და შეიწყნარა უფალმა იობი.

10

ხოლო უფალმან აღაორძინა იობ. და ილოცა მან მეგობართა მისთათჳს და მიუტევნა უფალმან ცოდვანი მათნი. და მოსცა უფალმან მრჩობლი, რავდენ-იგი იყვნეს პირველად იობისი, ორწილად

და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!

11

ხოლო ესმა ყოველთა ძმათა მისთა ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. და ყოველი, რომელთა იცოდეს იგი პირველითგან, ჭამდეს და სუმიდეს მის წინაშე და ნუგეშინის-სცეს მას და უკჳრდა მათ ყოვლისა მისთჳს, რომელი-იგი მოაწია უფალმან მის ზედა და მოსცა მას კაცად-კაცადმან თჳთო ტარიგი. და ოთხსატირი ოქროსაჲ, ოქროსა უქმნელი თითოჲ.

მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პური მის სახლში; მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.

12

ხოლო აკურთხა უფალმან უკუანაჲსკნელი იობისი უფროს, ვიდრე პირველი და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი ბევრი და ოთხ ათას, და აქლემები ექუს ათას, უღლეული ჴართა ათას, ვირი მძოვარი ჴდალი ათას.

უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

13

და ესხნეს მას შჳდ ძე და სამ ასულ.

ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.

14

და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.

ერთს სახელად დაარქვა იემიმა, მეორეს - კეციყა, მესამეს - კერენ-ჰაფუქი.

15

და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.

16

და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).

იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.

17

მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.