იგავნი სოლომონისა · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა,

ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.

2

რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ,

რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.

3

რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა.

რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.

4

რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა,

მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.

5

ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა,

შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.

6

ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.

არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.

7

დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.

მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.

8

გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ,

დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.

9

რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ.

ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.

10

ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ,

ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.

11

რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი.

სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.

12

უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე.

გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.

13

შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა.

ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.

14

გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა.

ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.

15

რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი,

ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

16

რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან,

რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.

17

რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან.

რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.

18

ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე.

მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.

19

ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი.

ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.

20

შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.

21

რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა,

არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.

22

რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ.

რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,

23

და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი.

შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.

24

მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან.

განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.

25

თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ.

პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.

26

მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.

გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.

27

ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ.

ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.