იგავნი სოლომონისა · თავი 28

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.

2

ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.

3

რაღა მდაბიორი, ღარიბ-ღატაკებს რომ ავიწროვებს, და რაღა თავსხმა წვიმა, პური რომ არ მოჰყავს.

4

რჯულის გამტეხნი ბოროტეულს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ეწინააღმდეგებიან.

5

უკეთურნი ვერ ხვდებიან სამართალს, უფლის მაძიებლებმა კი ყველაფერი იციან.

6

უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაუკუღმართ მდიდარს.

7

რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.

8

ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.

9

ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.

10

რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.

ვინც წრფელებს აცთუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.

11

ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.

მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.

12

შეწევნითა მართლისათა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ კაცნი.

მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.

13

რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებდეს, საყუარელ იყოს.

ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.

14

ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.

ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.

15

ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა გლახაკსა.

რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.

16

მეფე, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილისშემწამებელი; ხოლო, რომელთა სძულდეს სიცრუე, მრავალ ჟამ ცხონდენ.

უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

17

კაცსა, რომელსა ბრალი კაცის-კლვისა ზედა ედვას, და თავს-ვინ-მე-იდვას იგი, და იგი მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძე შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა.

კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში იქნება, რათა არ შეიპყრონ.

18

რომელი ვიდოდის სამართალსა, შეწევნა-სცეს მას, ხოლო, რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მათვე.

უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.

19

რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.

თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.

20

კაცი ღირსი სარწმუნოებისა ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისმოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს; რომელმან არა შეიკდიმოს პირისაგან მართლისა, არა კეთილ არს.

ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.

21

რომელმან მიხედოს ცრუთასა, არა იქებოდინ. და ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.

პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.

22

იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნე და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან დაიპყრას იგი,

შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.

23

რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა ღმრთისათა, მადლი აქუნდეს უფროსღა, რომელი ენითა მოიმადლებნ.

მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი.

24

რომელი განჴდიდეს მამასა, გინა დედასა და ჰგონეგდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე ზიარი არს კაცისა უღმრთოთასა.

ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია.

25

უძღები კაცი შჯინ ცუდად.

სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.

26

რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხოვნდეს.

საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.

27

რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო, რომელმან გარემიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს.

ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება.

28

ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მრავალნი.

როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან.