იგავნი სოლომონისა · თავი 15
ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან აღადგინნის რისხვანი.
მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი.
ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.
ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.
ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით.
უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.
მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ.
ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა.
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან.
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.
მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი.
შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.
ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.
ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.
გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.
მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.
გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს.
შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით.
უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს.
შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით.
უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.
კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.
უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს.
ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი.
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ.
სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის.
დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ.
თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,
კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.
სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და ობოლთანი.
ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.
უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.
წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.
მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.
მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი.
ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.
თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან.
სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი.
შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ.
უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
