იგავნი სოლომონისა · თავი 22

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;

რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.

2

მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.

მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია.

3

ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.

გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.

4

დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.

თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.

5

უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.

6

ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.

7

მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა.

8

უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მრისხანების კვერთხი გაუტყდება.

9

კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.

10

გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება.

11

უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.

ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.

12

და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.

უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.

13

მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.

ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.

14

მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),

როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.

15

უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.

ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის.

16

რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.

ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან.

17

სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული,

18

რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.

რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.

19

რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.

20

ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,

21

ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?

22

ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.

ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;

23

რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.

რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს.

24

ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.

ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები;

25

ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.

რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.

26

ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.

ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს.

27

უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.

როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?

28

ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.

შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.

29

შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.

თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.