იგავნი სოლომონისა · თავი 19

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.

უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.

2

უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.

არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.

3

უგუნურებაჲ კაცისა განრყუნის ზრახვითა მისითა და ღმერთსა აბრალებნ გულითა.

ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.

4

სიმდიდრემან შესძინის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას, რომელცა უვინ, გან-ვე-ეშორის.

სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის.

5

მოწამე მტყუარი არა უტანჯველი იყოს, ხოლო რომელი აბრალებდე ნაწილად, იგი ვერ განერეს საშჯელსა.

ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.

6

მრავალნი მსახურებენ პირსა მეფისასა, ხოლო ყოველივე უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა არნ.

ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.

7

ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მახლობელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოოს იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმს, აუვარებს უკეთურებასა და რომელი აღაზრზენდეს სიტყუასა, იგივე ცხონდეს.

ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა-ვედრება არ გადის მათთან.

8

რომელმან მოიპოვა გონიერებაჲ, უყუარს მას თავი თჳსი და, რომელმან დაიმარხოს სიბრძნე, პოოს მან კეთილი.

სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.

9

მოწამე ცრუჲ არა უცოდველ იყოს; რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგივე წარწყმდეს.

ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.

10

არა შეჰგავს უგუნურსა შუებაჲ; ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ მთავრობდეს უფალთა, გინებით იდევნენ.

ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.

11

მოწყალე კაცი სულგრძელ არნ, ხოლო სიქადული მისი მიუჴდეს უღმრთოთა.

გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.

12

მეფისა ბრძანებაჲ მსგავს არს ბრდღუენისა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა მხიარულებაჲ მისი.

მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.

13

სირცხჳლ მამისა შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი მისნი სასყიდლისაგან უცხოჲსა.

მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.

14

სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი სახიერი ქმარსა.

სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის.

15

შიშსა შეუპყრიედ მემრუშეთა გული და სულსა უქმთასა შიოდეს.

სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.

16

რომელი იმარხვიდეს მცნებასა, დაიცვას სული თჳსი, ხოლო, რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს.

მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.

17

ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას.

ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.

18

განსწავლე ძე შენი და ესრეთ იყოს სასოჲ კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა მისსა (უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, არამედ სული მისი სიკუდილისაგან იქსნე).

დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.

19

სახე ბოროტებისათა კაცი ფრიად იზღჳოს, ხოლო უკუეთუ უსჯულოებდესღა, სულიცა თჳსი დაჰრთოს.

ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა.

20

ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისა, რათა ბრძენ იყო სიბერესა შენსა.

მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.

21

მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.

მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.

22

ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს, უმჯობეს გლახაკი მართალი, ვიდრე მდიდარი მტყუანი.

კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია.

23

შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ.

უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.

24

რომელმან დაიმალნეს ჴელნი სიცრუით, ვერცაღა პირად მიყუნეს იგინი.

ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.

25

სატანჯველსა უგუნური უვერაგეს იქმნეს, ხოლო უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ.

თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას.

26

რომელმან შეურაცხ-ყოს მამა და განაძოს დედა თვისი, სირცხვილეულ და საყვედრელ იქმნეს.

ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.

27

შვილო, ნუ დაუტევებ სმენასა წვრთილებისასა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყვასა კეთილსა.

როდემდის უნდა გესმოდეს, შვილო, დარიგება და განაგდებდე შეგონების სიტყვებს?

28

რომელმან თავს-მდებად ყოს ყრმა ჩჩვილი, მტერ იქმნეს სამართლისა, ხოლო პირი უღმრთოთა შთანთქამს სასჯელსა.

უკუღმართი მოწმე სამსჯავროს აბუჩად იგდებს და ბოროტეულთა პირი სიცრუეს ყლაპავს.

29

განიმზადონ უწვრთელთა გვემანი და უგუნურთა პატიჟნი.

ზნეწამხდარისთვის მზად არის მსჯავრი და ბრიყვთა ზურგისთვის - ცემა-ტყეპა.