იგავნი სოლომონისა · თავი 18
მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს.
თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება.
არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.
ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.
ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი - სირცხვილი.
წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ.
კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა.
არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე.
ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო მოიზიდავს სიკუდილსა.
ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი საბრჴე სულისა მისისა.
ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე.
ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა არიედ ჩუენთა.
საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ.
უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავს მას.
მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას.
უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის,
შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და საყუედრელ.
მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს.
კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა.
გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი.
ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს.
პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას.
სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის.
კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს.
ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი.
განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს.
ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი.
კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს.
ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ.
ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ.
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
