ზაქარია წინასწარმეტყველი · თავი 7
და იყო მეოთხესა წელსა დარიოსის ზე მეფისა და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ მეოთხესა თთჳსა მეცხრისასა, რომელ არს ხასილევი.
დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში.
და მიავლინა ბეთელად სარასარ და რაგომელიქ მეფემან და კაცთა მისთა მოწყალე-ყოფად უფლისა
გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე
და თქუმად მღდელთა მიმართ მყოფთა სახლსა შინა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და წინაწარმეტყუელთა მიმართ მეტყუელმან: შემოვიდა აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე, ვითარ-იგი დაყუნეს, ეგერა, კმანი წელნი.
და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?
და იქმნა სიტყუა უფლისა ძალთაჲსა ჩემდამო მეტყუელი:
იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
თქუ ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა და მღდელთა მიმართ მეტყუელმან: იმარხვიდეთ თუ, ანუ ჰგოდებდეთ მეხუთეთა შინა, ანუ მეშჳდეთა შინა თთუესა და, აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ.
უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?
და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ სუამთ?
როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
არა ესე არიანა სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა წინაპართაჲთა, ოდეს იყო იერუსალიმი დამკჳდრებული და წარმართებული დაქალაქი გარემოჲს მისსა და მთობი და ველობი დამკჳდრებულ იყო?
განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი (ნეგები) და დაბლობი (შეფელა) დასახლებული იყო?
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ მეტყუელი:
იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი:
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მეტყუელი: სასჯელი სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ თჳსისა
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს;
და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა.
ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.
და ეურჩნეს ყურადღებად და მისცეს ზურგი შეურაცხისმყოფელი და ყურნი მათნი დაიმძიმნეს არშესმენად
მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ;
და გულნი მათნი დააწესნეს ურჩებად, არშესმენად სჯულისა ჩემისა და სიტყუანი, რომელნი მიავლინნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, სულისა მიერ მისისა ჴელითა წინაწარმეტყუელთა პირველთათა; და იქმნა რისხვა დიდი უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა.
გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
და იყოს ვითარსახედ თქუა და და ისმინეს მისი, - ეგრეთ ღაღადებდენ და არ შევისმინო, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -
და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
და განვჴადნე იგინი ყოველთა მიმართ წარმართთა, რომელნი არა უწყოდნეს და ქვეყანაჲ უჩინო იქმნეს უკანაგან მათსა, არა ვინ იყოს განმვლელისაგან დამქცევისა და დააწესეს ქუეყანა რჩეული უჩინოსაქმნელად.
გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს.
