ზაქარია წინასწარმეტყველი · თავი 11
და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.
გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები!
და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ დაიფხურა მაღნარი ნერგოანი.
ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი!
ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი.
გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა დაკლვისათა,
ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყესე დასაკლავად განწირული ცხვარი,
რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას.
მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად; მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო, მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ.
ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა.
რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამბობს უფალი; აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.
დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი
დავმწყესავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს; ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყესავ ცხვარს.
და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს ჩემდამო.
ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა თჳსისათა.
ვიტყვი: აღარ დაგმწყესავთ თქვენ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი.
და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა.
ავიღებ კომბალს - სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხთან დავდევი.
და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით, რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს.
გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა.
და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ.
ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.
და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ.
მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა.
გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი მწყემსისა გამოუცდელისანი
მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი.
მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს.
რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.
ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს.
ვაი, უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე; მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!
