ზაქარია წინასწარმეტყველი · თავი 6

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი.

კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.

2

და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის მეორესა ცხენნი შავნი,

პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები;

3

და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი.

მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი.

4

და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო?

ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?

5

და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა,

მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.

6

რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა ჩრდილოსა,

მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.

7

და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ. და გარემოვლეს ქუეყანაჲ.

ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა.

8

და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის ბღუარსა.

დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.

9

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

10

მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა ბაბილონს.

აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან.

11

და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა.

გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს.

12

და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ

უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.

13

და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე.

ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.

14

ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა.

გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში.

15

და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა.

შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას.