ზაქარია წინასწარმეტყველი · თავი 14

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

აჰა, დღენი მთვლენ უფლისანი, და განიბნინენ ნატყუენავნი შენნი შენ შორის.

აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში.

2

და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და წარიტყუენოს ქალაქი, და განიბძარნენ სახლნი, და დედანი შეიბილწნენ, და განვიდეს ნახევარი ქალაქისაჲ ტყუეობად, და ნეშტი ერისა ჩემისა არა მოისრნენ ქალაქისა მისგან.

თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდება, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, ხოლო დანარჩენი ხალხი არ მოიკვეთება ქალაქიდან.

3

და გამოვიდეს უფალი და განეწყოს ნათესავთა მათ მიმართ, ვითარცა დღესა წყობისა მისისასა, დღესა შინა ბრძოლისასა.

გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.

4

და დადგენ ფერჴნი მისნი მას დღესა შინა მთასა ზედა ზეთისხეთასა პირისპირ იერუსალჱმსა აღმოსავალით კერძო; და განიპოს მთაჲ ზეთისხეთაჲ კერძოჲ მისი აღმოსავალად მიმართ და კერძოჲ მისი ზღუად მიმართ, დანახეთქად დიდად ფრიად და მიდრკეს ნახევარი მთისა ჩრდილოდ მიმართ, და ნახევარი მისი სამხრად მიმართ.

შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ.

5

და აღმოიგნენ ღელენი მთათა ჩემთანი და შებრძჳლდეს ჴევი მთათა ჩემთაჲ ვიდრე ასაილამდე. ვითარ-იგი აღმოიგო დღეთა შინა ძრვისათა და დღეთა შინა ოზიაჲ მეფისა იუდასთასა და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნი წმიდანი მის თანა.

გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.

6

და იყოს მას დღესა შინა, არა იყოს ნათელი და ნეფხუაჲ და ყინელი.

იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა;

7

იყოს ერთსა დღესა, და დღე იგი ეცნობოს უფალსა: და არა დღე, და არა ღამე. და სამწუხროდ იყოს ნათელი.

იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი.

8

და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი მცოცხლი იერუსალჱმით, ნახევარი მისი ზღუასა ზედა პირველსა და ნახევარი ზღუასა ზედა უკანასკნელსა; ზაფხულსა შორის და არესა შორის იყოს ესრეთ.

იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი; ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.

9

და იყოს უფალი მეფედ ყოველსა ზედა ქუეყანასა. მას დღესა შინა იყოს უფალი ერთ, და სახელი უფლისაჲ - ერთ,

იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება.

10

მომცველი ყოველსა ქუეყანასა და უდაბნოსა ღაველითგან ვიდრე რემონამდე, სამხრით კერძო იერუსალიმისა, ხოლო რამაჲ ადგილსა ზედა ეგოს ბჭითგან ბენიამენისით ვიდრე ბჭედმდე პირველად, ვიდრე ბჭისამდე მებოძირთაჲსა და ვიდრე გოდლამდე ანამეილისსა, ვიდრე საწნეხლის წედთამდე მეფისათა.

ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.

11

დაემკჳდრნენ მის შორის და არა იყოს შენაჩუენები მერმე და დაემკჳდროს იერუსალჱმი სასოებით.

იცხოვრებენ მასში და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი.

12

და ესე არს დაცემაჲ, რომლითა მოჰკუეთს უფალი ყოველთა ერთა, რაოდენთა განილაშქრეს იერუსალჱმს ზედა. და დადგნენ ჴორცნი მათნი დგომასაღა მათსა ფერჴთა ზედა მათთა, და თუალნი მათნი აღმოსცჳვენ ბუდეთაგან მათთა, და ენაჲ მათი დადნეს პირსა შინა მათსა.

ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში.

13

და იყოს მას დღესა შინა განკრთომაჲ უფლისაჲ დიდი მათ ზედა, და მოეკიდოს თითოეული ჴელსა მოყუსისა თჳსისასა, და თანშეათხზნას ჴელი მისი ჴელისა მათ მოყუსისა მისისაჲსა.

იმ დღეს იქნება, რომ დიდი აღრეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთი-მეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება.

14

და იუდა წყობა-ყოს იერუსალიმს შინა, და თანააქუნდეს ძალი ყოველთა გარეშემოთა ერთაჲ: ოქროჲ და ვეცხლი და შესამოსელი სიმრავლედ ფრიად.

იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს; დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი, ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი.

15

და ესე იყოს დაცემაჲ: ცხენთა და კერძოვირთა, და აქლემთა, და ვირთა, და ყოველთა საცხოვართა, მყოფთა ბანაკთა მათ შინა დაცემისა ამისებრ.

ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება.

16

და იყოს: რაოდენნიცა დაშთენ ყოველთაგან წარმართთა მოსრულთა იერუსალჱმსა ზედა და აღმოვიდოდიან წლითი წლად თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და დღესასწაულებად დღესასწაული კარვის-დგმისა.

მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნ;ნ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.

17

და იყოს: რაოდენნიცა არა აღვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და არა იყოს მათ ზედა წჳმაჲ და იგინიცა მათვე თანა შეეძინნენ.

მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.

18

ხოლო უკუეთუ ტომი ეგჳპტისა არა აღვიდეს, არცა მივიდეს მუნ, მათ ზედაცა იყოს დაცემაჲ, რომელი შეამთხჳოს უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნათესავთა, რაოდენნიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად კარვის-დგმისა დღესასწაულსა.

თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.

19

ესე არს ცოდვაჲ ეგჳპტისაჲ და ცოდვაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რაოდენიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად და დღესასწაულსა კარვის-დგმისასა.

ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.

20

მას დღესა შინა იყოს აღჳრსა შორის ცხენისასა: წმიდაჲ უფლისაჲ, და იყუნენ სიავნი სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა ფიალი წინაშე პირსა მსხუერპლისსაცავისასა.

იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს; და ქვაბები უფლის სახლში ისევე შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.

21

და იყოს ყოველი სიავი იერუსალიმს შინა და იუდაჲსა შორის წმიდაჲ უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, და მივიდოდიან ყოველნი მსხუერპლველნი და მიიხუმიდენ მათგან და აგბობდენ თავთა მათთად, და არა იყოს ქანანელი მერმე სახლსა შინა უფლისა ძალთაჲსასა მას დღესა შინა.

ყოველი ქვაბი იერუსალიმში და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის; მოვა ყოველი შემწირველი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. აღარ იქნება იმ დღეს ქანაანელი ცაბაოთ უფლის სახლში.