ზაქარია წინასწარმეტყველი · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა საბელი სასაქუეყანისმზომელი.

ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.

2

და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო: განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს სიგრძე.

ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.

3

და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა

აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად.

4

და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა და საცხოვართა მის შორისთაჲსა.

უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის.

5

და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა.

მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში.

6

ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი.

ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი.

7

სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა ბაბილონისასა

ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!

8

მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა.

რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია.

9

მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, მომავლინა მე.

რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა.

10

ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი.

იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი.

11

და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან გამომავლინა შენდა მომართ.

მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან.

12

და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი.

დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.

13

ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა.

იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში.