ლევიანნი · თავი 7
და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.
ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი; ეს წმიდათა წმიდაა.
ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
სადაც აღსავლენი იკვლის, იმ ადგილზე უნდა დაიკლას დანაშაულის გამოსასყიდიც და მისი სისხლი ირგვლივ მოესხუროს სამსხვერპლოს.
და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ.
შესწიროს მისგან მთელი ქონი, დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია.
და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
დაწვას ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი.
ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.
ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.
ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს: იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას.
მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.
აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.
და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.
ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად.
ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს.
ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა.
ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა,
თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხვრები, ზეთწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი. ნამცხვრები.
პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა.
საფუარიან ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად.
მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს
ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს.
და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე.
სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს; დილისთვის არ უნდა დარჩეს.
და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა.
თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი; რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.
მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიწვას.
უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.
თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.
ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.
თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ!
უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს.
ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ.
ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა.
რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე.
არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა.
უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.
საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.
დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა.
და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.
მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად.
რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად.
ვინც სამადლობელი მსხვერპლის სისხლს და ქონს სწირავს აარონიანთაგან, მას ეკუთვნის წილად მარჯვენა ბეჭი.
რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა.
რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან.
ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა
ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე;
დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა.
რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში.
ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა.
ეს არის რჯული აღსავლენისთვის, საძღვნოსთვის, ცოდვისთვის, დანაშაულისთვის, ხელავსებისთვის და სამადლობელი მსხვერპლისთვის,
ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.
რომელიც დაუწესა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როდესაც უბრძანა ისრაელიანებს სინაის უდაბნოში მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის.
