ლევიანნი · თავი 19
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.
ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
კაცად-კაცადსა მამისა თჳსისა და დედისა თჳსისა ეშინოდენ და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
არა შეუდგეთ თქუენ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
და უკუეთუ შეწიროთ შესაწირავი ცხორებისაჲ უფლისა ღმრთისა, სათნოჲ შეწირეთ თქუენ.
როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.
და რომელსა დღესა შესწიროთ, იჭამენ ხვალისაგანცა და რომელი დაშთეს მესამედ დღემდე, ცეცხლითა დაიწუნ, უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, უკლველი არს, არა შეიწიროს.
საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც; მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას.
ხოლო რომელმან ჭამოს იგი, ცოდვაჲ თავისა თჳსისა მოიღოს, რამეთუ სიწმიდე უფლისა ღმრთისა შეაგინა და მოისპნენ სულნი იგი.
თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა.
რომელთა ჭამონ ერისაგან მათისა და რომელთა მომკონ სამკალი იგი ქუეყანისა მის თქუენისაჲ, არა მოასრულოთ სამკალი იგი თქუენი ქუეყანისა თქუენისაჲ მომკად.
ვინც შეჭამს, ცოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილწა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
და რომელი დაცჳოდის სამკალისა თქუენისაჲ, არა შეჰკრიბოთ.
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ.
და ვენაჴსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენაჴსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ვენახსაც ნუ მოიმცვრვვ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
არა იპარვიდეთ და არცაღა სტყუოდით, ნუცა ცილსა შესწამებნ კაცი მოყუასსა თჳსსა.
არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ.
და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი!
არა ავნო მოყუასსა შენსა და არცაღა მო-რაჲ-სტაცო. და ნუცაღა დაადგრებინ სასყიდელი მორეწისაჲ შენ თანა განთიადმდე.
ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
არარაჲ ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური და გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!
არა ჰქმნეთ ცრუ სარჩელსა შინა, არცა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა თუალ-ახუნე პირსა ძლიერისასა სიმართლით განსაჯო მოყუასი შენი.
უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
არა ხჳდოდი ზაკჳთ ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
არა გძულდეს ძმაჲ შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.
მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
და არცა შური იძიოს ჴელმან შენმან და არცა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!
შჯული ჩემი დაიმარხეთ, საცხოვარი შენი არა შეაყო სხუასა მეუღლედ და ვენაჴოვანსა შენსა არა სთესო თითოფერი თესლი და სამოსელი ორთაგან ქსოვილი რეული არა შეიმოსო.
დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს.
და უკუეთუ ვინმე დაწვეს დედაკაცისა თანა საწოლითა თესლისაჲთა, და იგი იყოს მჴევალი თხოვილ კაცისა, დაჴსნით არა ჴსნილ იყოს და განთავისუფლებულ არა იყოს, მოხედვაჲ იყავნ მათა, არა მოწყდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყოს.
თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა.
და შეიწიროს უფლისა შეცოდებისა მისთჳს მისისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა - ვერძი შეცოდებისათჳს.
მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ვერძითა მით შეცოდებათათჳს წინაშე ღმრთისა ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს.
უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენდა, დაასხათ ყოველი ხე საჭმელი, და განწმიდოთ არაწმიდებაჲ მისი, და ხილი მისი სამ წელ იყოს თქუენდა განუწმედელ და არა იჭამოს.
როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი; სამ წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის; არ იჭმევა.
და წელსა მეოთხესა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდაჲ საქებელად ღმრთისა.
მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს.
და მეხუთესა წელსა ჰჭამოთ ნაყოფი, შესაძინელად თქუენდა ნაყოფი მისი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ნუ ჰჭამთ მთასა ზედა და ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით, არა ჰყოთ
ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.
სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არა განირყუნეთ პირი წუერთა თქუენთაჲ და ნაჭერი აღთქუმისა ჴორცთა ზედა თქუენთასა არა ჰყოთ.
ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
და წერილი დაწერტით არა ჰყოთ თქუენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!
არა შეაგინო ასული შენი, სიძვად იგი, და არა ისიძვიდეს ქუეყანაჲ და აღივსოს იგი უშჯულოებითა.
ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით.
და შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ და წმიდათა ჩემთათჳს გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.
ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი!
არა შეუდგეთ თქუენ მუცლითმეზღაპრეთა და მსახრვალთა, არა შეეყენნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
წინაშე პირსა მჴცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!
უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს თქუენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას.
თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.
არამედ ვითარცა მკჳდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყვარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
არა ჰქმნე სიცრუჱ სარჩელსა შინა საწყაულითა, და სასწორთა და ნედლთა ზედა უღელი მართალი იყავნ.
ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
სასწორი სიმართლისაჲ და საწყაული მართალი და საწყაული კეცი იყავნ მართალი თქუენ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.
სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
და დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნი სამართალნი ჩემნი და ჰყოფდით მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი!
