ლევიანნი · თავი 22
და მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
და ჰრქუა: არქუ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ეკრძალნედ სიწმიდეთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, რათა არა შეიგინონ სახელი ჩემი წმიდაჲ, რაოდენ-რაჲ განწმიდონ მათ ჩემდა მომართ, მე ვარ უფალი.
უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
არქუ მათ ნათესავთა შორის თქუენთა: ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაჲ განწმიდონ ძეთა ისრაჱლისათა, ღმრთისა და არაწმიდებაჲ იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი.
უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
კაცი, რომელი იყოს ნათესავისა აჰრონის მღდელისა კეთროვან, ანუ თუ თესლმდინარე, სიწმიდისაგან არა ჭამოს ვიდრე განწმედამდე და რომელი შეეხოს ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ,
კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
ანუ რომელი შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელმან შეაგინოს იგი, გინა თუ კაცსა ზედა, რომელმან შეაგინოს იგი ყოვლისაებრ
ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
არაწმიდებისა მისისა, კაცმან რომელმან შეახოს მას, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
არა ჭამოს მან სიწმიდეთაგან, ვიდრე არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინღა ჭამოს სიწმიდეთაგანი,
ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
რამეთუ პური მისი არს იგი, მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ჭამოს შეგინებად მისა მათგან. მე ვარ უფალი ღმერთი.
ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
დაიმარხედ დასაცავნი ჩემნი, რათა არა მოიღონ ამისთჳს ცოდვაჲ და მოწყდენ მისთჳს, უკუეთუ შეაგინონ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.
ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
და ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს წმიდაჲ იგი და შემყოფმან მღდელისამან და სასყიდლით დადგინებულმან არა ჭამოს სიწმიდისაგანი.
უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი.
უკეთუ მღდელმან მან მოიგოს კაცი სასყიდლით ვეცხლითა, ამან ჭამოს პური მისი და შვილთა, მონათა მისთა, ამათცა ჭამონ პური მისი.
მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
და ასული კაცისა მღდელისაჲ იყოს თუ ქმრისა უცხოთესლისა, პირველ ნაყოფი შესაწირავთაჲ არა ჭამოს.
მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები.
და ასული კაცისა მღდელისაჲ უკუეთუ იყოს ქურივ და გამოაძონ და ნაშობი არა ესვას მას, მოიქცეს სახლსავე მამისა თჳსისასა, ვითარცა პირველ სიჭაბუკესა მას მისსა, პურსა მამისა მისისასა ჭამდეს იგი, ხოლო ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს მისგან.
მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
და კაცმან რომელმან ჭამოს წმიდაჲ იგი უმეცრებით, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა, და მისცეს მღდელსა მას წმიდაჲ იგი.
ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
და არა შეაგინოს სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისათა, რომელსა იგინი შეწირვენ უფლისა.
არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ.
და არა მოავლინონ მათ ზედა უშჯულოებაჲ იგი შეცოდებისაჲ ჭამასა მას მათსა წმიდათაგან მათთა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, განვსწმედ მათ.
არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, ანუ ძეთაგანმან მწირთამან, რომელი მოსრულ იყოს მათა ისრაჱლსა შორის, რომელმან შეწიროს მსხუერპლი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა.
გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს,
ანუ თუ მსგავსად ყოვლისავე გულსმოდგინებისა მათისა, რაოდენ-რაჲ შეწირონ ღმრთისა.
იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
მრგულიად დასაწველად სათნოჲ თქუენი უბიწოჲ ვერძი ზროხათაგან და თხათაგან ყოველსა მას, რომელსა შინა იყოს ბიწი, ნუ შესწირვედ ღმრთისა, რამეთუ არა შევიწირო მათგან.
არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
და კაცმან უკუეთუ შეწიროს ძღუენი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა და ყოვლისავე ნებისა მათისა მსხუერპლი ცხორებისაჲ ღმრთისა, რომელი განაჩინა აღთქმით დღესასწაულთა მათ თქუენთა მროწ[ლე]თაგან, ანუ თუ არვისაგან, უბიწო იყოს, შეწიროს, ყოველიმცა ბიწი ნუ არს მის თანა,
თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
ბრმაჲ, ანუ ყურკუეთილი, ანუ განტეხილი, ანუ ჭლაკითა ბრმაჲ, ანუ მღიერი, ანუ მეფხანოვანი, არა შეწირონ ესევითარი ღმრთისა და ნაყოფად არა მოსცეთ მათგან საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა.
ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე.
და ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი ყურკუეთილი, ანუ თუ კუდმოკლე საკლველად ჰყო იგი თავისა შენისა, ხოლო აღნათქუემად შენდა არა შეიწიროს.
ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწირო იგი ღმრთისა.
საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.
და ქუეყანასა თქუენსა არა ჰყოთ, ჴელისაგან უცხოთესლთაჲსა არა შესწიროთ შესაწირავად ღმრთისა თქუენისა ამათ ყოველთაგანი, რამეთუ ხრწნილებაჲ არს მათ თანა და ბიწი არს მათ თანა, არა შეიწიროს ესე თქუენდა.
უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ, რომელი იშვეს, იყოს იგი შჳდ დღე დედისა თანა, ხოლო მერვით დღითგან და წამართ შეიწიროს მსხუერპლად ნაყოფად უფლისა.
როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
და ჴბოჲ და ცხოვარი და დედაჲ და შვილი მისი არა დაჰკლა დღესა ერთსა.
არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
უკუეთუ შეწირვიდეს შესაწირავსა აღთქმისასა სიხარულისა თქუენისასა ღმრთისა შესაწირველად თქუენდა და დაკალთ იგი.
როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
და მას დღესა შეიჭამენ, არა გაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე.
იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
მე ვარ უფალი და დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ჰყოფდით მათ.
დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ და წმიდაჲ ვიყო მე შორის ძეთა ისრაჱლისათა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,
რომელი განგწმედ თქუენ, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთად, მე - უფალი.
რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
