ლევიანნი · თავი 16

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ეტყოდა ღმერთი მოსეს შემდგომად სიკუდილისა ორთა მათ ძეთა აჰრონისთა, რაჟამს მოიღეს ცეცხლი იგი უცხოჲ წინაშე ღმრთისა და მოწყდეს.

ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი შვილის სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარდგნენ და დაიხოცნენ.

2

და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ აჰრონს, ძმასა შენსა, რათა არა შევიდოდის იგი ყოველსა ჟამსა სიწმიდესა მას შინა შინაგან კრეთსაბმელისა მის წინაშე პირსა სალხინებელისასა, რომელ არს პირისპირ კიდობანსა მას საწამებელისასა, რათა არა მოკუდეს, რამეთუ ღრუბლითა გამოვჩნდე მე სალხინებელსა მას ზედა.

უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.

3

და მაშინღა ესრე შევიდეს აჰრონ სიწმიდესა მას ჴბოჲთა ერთითა ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძითა მრგულიად მწუარითა.

აი, რით უნდა შევიდეს აარონი საწმიდარში: ხბოთი - ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით - აღსავლენად.

4

და სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს, და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა: და სარტყელი სელისაჲ შეირტყას და ვარშამაგი სელისაჲ დაიბუროს, რამეთუ სამოსელი წმიდა არს, და დაიბანოს წყლითა ყოველი გუამი მისი და მაშინღა შეიმოსოს იგი.

სელის წმიდა კვართი უნდა ემოსოს და სელის საწმერთული უნდა ეცვას ტანზე, სელის სარტყელი ერტყას და სელის თავსაბურავი ებუროს - ესენი წმიდა შესამოსლებია. წყალში გაიბანოს ტანი და შეიმოსოს.

5

და კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა მოიბნეს ორნი ვაცნი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი ერთი მრგულიად დასაწველად. მოიბას აჰრონ ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს.

ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და ერთი ვერძი აღსავლენად.

6

და მოიბნეს ორნი ვაცნი და წარადგინნეს წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი.

7

დაასხნეს აჰრონ ორთა მათ ვაცთა ზედა წილი: წილი ერთი - ღმერთსა და წილი - ერთი გამომყვანებელსა ველად.

აიღოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

8

და მოიბას აჰრონ ვაცი იგი, ერთი, რომელსა ზედა გამოჴდა წილი იგი ღმრთისა.

წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.

9

შეწიროს იგი ცოდვისათჳს, და ვაცი იგი ერთი,

მიუყვანოს აარონმა უფლის წილხდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდად.

10

რომელსა ზედა გამოჴდა წილი განმყვანებელისა, დაადგინოს ცოცხალი წინაშე ღმრთისა, რათა ლხინება-ყოს მას ზედა, ვითარმედ განვლინებად იგი განყვანებასა მას და განუტეოს იგი უდაბნოდ.

ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.

11

და მოიბას აჰრონ ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა მისისათჳს და დაკლას ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა.

მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო.

12

და მოიღოს სავსე საცეცხლური ნაკუერცხალი ცეცხლისაგან საკურთხეველისა, რომელ არს წინაშე ღმრთისა.

აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით.

13

და აღივსნეს ჴელნი საკუმეველითა შეზავებულითა მწულილითა და შეიღოს შინაგანსა მას კრეთსაბმელსა მას და დაასხას საკუმეველი იგი ცეცხლსა მას ზედა წინაშე ღმრთისა და დაფაროს კუამლმან მან სალხინებელი იგი, რომელ არს საწამებელთა ზედა და არა მოკუდეს.

დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს.

14

და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.

აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი შვიდგზის ასხუროს სისხლი თითით.

15

და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.

დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.

16

და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.

განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.

17

და კაცი ნუ ვინ არნ კარავსა მას საწამებელისასა, შე-რაჲ-ვიდოდის იგი ყოფად ლხინებისა სიწმიდესა მას შინა ვიდრე გამოსლვადმდე და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.

არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს.

18

და გამოვიდეს საკურთხეველად, რომელ-იგი არს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა და სისხლისა მისგან ვაცისა და სცხოს გარემო რქათა მათ საკურთხეველისათა.

გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმედს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დადებს ირგვლივ.

19

და აპკუროს მას სისხლისა მისგან გარემო თითითა შჳდგზის და განწმიდოს იგი და წმიდა იყოს იგი არაწმიდებათაგან ძეთა ისრაჱლისათა.

ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.

20

და აღასრულოს ლხინებისა ყოფაჲ იგი წმიდისაჲ, და კარვისა საწამებელისაჲ, და საკურთხეველისაჲ და მღდელთათჳს, განწმიდოს და მოიბას ვაცი იგი ცოცხალი.

მორჩება საწმიდარს, სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს.

21

და დაასხნეს აჰრონ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა ვაცისა მის ცოცხალისასა და მიუთხრნეს მას ზედა ყოველნივე უშჯულოებანი ძეთა ისრაჱლისათანი, და ყოველნი სიცრუენი და ყოველნი ცოდვანი მათნი, და დაჰკრიბნეს ცოდვანი მათნი თავსა მას ზედა ვაცისა ცოცხალისასა.

თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით.

22

და განავლინოს იგი ჴელითა კაცისა განმზადებულისაჲთა უდაბნოდ და მოიხუნეს ვაცმან მან მის ზედა სიცრუვენი მათნი ქუეყანად უვალად, განგზავნოს ვაცი იგი უდაბნოდ.

წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში.

23

და შევიდეს აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა და განირცხოს სამოსელი იგი სელისაჲ, რომელ-იგი ემოსა შესლვასა მას მისსა სიწმიდესა მას, და დაასხას იგი მუნ.

შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ,

24

და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ადგილსა წმიდასა, და შეიმოსოს სამოსელი თჳსი, და გამოვიდეს და შეწიროს მრგულიად დასაწველი იგი მისი და ყოვლად სანაყოფე იგი ერისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს, და ერისათჳს, ვითარცა-იგი მღდელთათჳს.

დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.

25

და ცმელი იგი ცოდვათაჲ შეწიროს საკურთხეველსა ზედა.

ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.

26

და რომელმან განავლინა ვაცი იგი განჩინებული განტევებად, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა, და ამისა შემდგომად გამოვიდეს იგი ბანაკად.

განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.

27

და ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ და ვაცი იგი ცოდვისაჲ, რომელთაჲ სისხლი შეიღო ლხინებისა ყოფად სიწმიდესა მას შინა, განიხუნენ იგინი გარეშე ბანაკსა მას და დაწუნენ იგინი ცეცხლითა და ტყავი მათი, და ჴორცი მათი და ფუშნიერი მათი.

ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.

28

და რომელმან დაწუნეს იგინი, განირცხენ სამოსელი მისი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და ამისა შემდგომად შევიდეს ბანაკად.

ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა.

29

და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ: თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი, ყოველივე საქმე თქუენი არა ჰქმნეთ მას შინა მკჳდრმან და მწირმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის.

იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.

30

რამეთუ ამას დღესა ლხინებაჲ თქუენთჳს იყოს განწმედად თქუენდა ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა წინაშე ღმრთისა და განიწმიდნეთ.

რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები.

31

შაბათ განსუენების იყუნედ ესე თქუენდა და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი შჯულად საუკუნედ.

განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი.

32

და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელსა-იგი სცხო მას და რომლისანი-იგი სრულ იყუნეს ჴელნი მათნი მღდელობად შემდგომად მამათა მისთა და შეიმოსოს სამოსელი იგი სელისაჲ სამოსელი წმიდაჲ.

განწმედა უნდა შეასრულოს მღვდელმა, რომელსაც სცხეს ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი სამღვდლოდ მამამისის ნაცვლად. შეიმოსავს სელის შესამოსლებს, საწესო შესამოსლებს.

33

და ლხინება-ყოს წმიდისა მისთჳს წმიდათაჲსა და კარვისა მისთჳს საწამებელისა და საკურთხეველისა მისთჳს ლხინება-ყოს, და მღდელთათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ლხინება-ყოს.

გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს.

34

და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ და ლხინება-ჰყვით ძეთათჳს ისრაჱლისათა ყოველთაგან ცოდვათა მათთა. ერთგზის წელიწადსა იყოს ესე, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად - რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.