ლევიანნი · თავი 24

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2

ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ, მოგართუედ შენ ზეთი ზეთთაგან წმიდაჲ წნეხილი ნათლად ნათებად სანთლისა მის.

უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.

3

გარეშე კრეთსაბმელსა მას კარვისა საწამებელისასა და ჰნათებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან განთიადმდე წინაშე ღმრთისა მოუკლებელად შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა.

მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში.

4

სასანთლესა ზედა ჰნათებდით წმიდასა სანთელსა წინაშე ღმრთისა განთიადმდე.

სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე.

5

და მოიღეთ სამინდოჲ და ჰქმნეთ იგი ათორმეტად პურად. მეორე ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი.

აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.

6

და დააგნეთ იგინი ორად წინაშე დასაგებელად, ექუს-ექუსი პური დააგეთ ლანკლასა ზედა წმიდასა წინაშე უფლისა.

ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე.

7

და დასდვა მას ზედა დასადებელი გუნდრუკი წმიდაჲ და მარილი. და იყუნენ პურნი ესე მოსაჴსენებელად წინაშე დაგებულ ღმრთისა.

დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად.

8

დღესა შაბათსა დააგოდით წინაშე უფლისა მარადის ძეთაგან ისრაჱლისათა შჯულად საუკუნოდ.

შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან.

9

და იყოს იგი აჰრონისა და ძეთა მისთა და ჭამდენ მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს წმიდაჲ წმიდათაჲ ესე მათა შესაწირავთაგან ღმრთისათა შჯულად საუკუნედ.

აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი.

10

და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაჱლიტელისა. და ერთი ესე იყოს ძე დედაკაცისა ეგჳპტელისაჲ ძეთა შორის ისრაჱლისათა და ლალვიდეს ბანაკსა მას შინა დედაკაცისა მის მეგჳპტელისა და კაცი იგი ისრაჱლიტელი.

მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.

11

და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და სწყევა. და მოიყვანეს მოსესა და სახელი დედისა მისისაჲ ალამით, ასული ზამბრესი, ტომისა მისგან დანისა.

აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).

12

და შესუეს იგი საპყრობილესა, რათა განიკითხნენ იგინი ბრძანებითა ღმრთისათა.

და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.

13

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

14

გამოიყვანე, რომელმან იგი სწყევა გარეშე ბანაკსა და დაასხნენ ყოველთა, რომელთა ესმა, ჴელნი მათნი თავსა ზედა მისსა და ქვაჲ დაჰკრიბენ მას ყოველმან კრებულმან.

გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.

15

და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ მათ: კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.

ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.

16

რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი

უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.

17

ყოველმან კრებულმან, გინა თუ მწირმან, გინა თუ მკჳდრმან,

ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.

18

რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, ეგრეთვე მოკუედინ.

პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.

19

და კაცმან უკუეთუ სცეს ყოველსავე კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ იგი და პირუტყუმან თუ ვისმანმე სცეს კაცსა და მოკუდეს, ზღოს სული სულისა წილ, უკუეთუ ვინმე დასდგას გერში მოყუასსა თჳსსა, ვითარცა-იგი მან უყო, ეგრევე უყავთ მას.

ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.

20

განტეხაჲ განტეხისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, და, რაჲცა გერში დასდვა კაცმან კაცსა, ეგრევე უყავთ მას.

მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.

21

უკუეთუ ვინმე სცეს კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ.

პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.

22

სამართალი ერთი იყავნ მწირისაჲ მის და მსოფლელისაჲ და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა.

ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

23

და გამოიყვანეს კაცი იგი, რომელმან სწყევა გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ ყოველმან კრებულმან და ძეთა ისრაჱლისათა, ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.