მსაჯულნი · თავი 9

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და წარვიდა აბიმელექ, ძე იერობოალისი, ძმათა თანა დედისა მისისათა, და ეტყოდა მათ და ყოველსა ნათესავსა სახლისა მამის-დედისა მისისათა და ჰრქუა მათ.

მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელს საგვარეულოს.

2

ეტყოდეთ თქუენ ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა! რომელი უმჯობეს არს თქუენდა, რათა გმთავრობდენ თქუენ სამეოცდაათნი კაცნი ყოველნი ძენი იერობოალისნი, ანუ რათა უფლებდეს თქუენ ზედა კაცი ერთი? და მოიჴსენეთ, რამეთუ ჴორცი თქუენი ვარ, და ძუალი ძუალთა თქუენთაგანი.

სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.

3

და ეტყოდეს მისთჳს ძმანი დედისა მისისანი ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა ყოველთავე ამათ სიტყუათა. და მოაქციეს გული მათი შემდგომად აბიმელექისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძმაჲ ჩუენი არს!

დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.

4

და მისცეს მას სამეოცდაათი სასწორი ვეცხლისაჲ სახლისაგან ბაალბერეთით აღთქმისა და მოინადნა მით აბიმელექ კაცნი უკეთურნი და განკრთომილნი და შეუდგეს მას.

მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.

5

და მოვიდეს სახლსა მამისა თჳსისასა ეფრაად და მოსრნა ძმანი თჳსნი ძენი იერობოალისნი, სამეოცდაათნი კაცნი ერთითა ლოდითა და დაშთა იოათარ, ძე იერობოალისი, უმწემესი ივლტოდა და დაემალა.

მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.

6

და შეკრბეს ყოველნი კაცნი სიკიმელნი და ყოველი სახლი მაალოაჲსი. და მოვიდეს და მეფე-ყვეს აბიმელექ მუხასა მას თანა, რომელი-იგი იყო სიკიმას.

მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.

7

და აგრძნა ესე იუათარ. და წარვიდა და დადგა იგი თხემსა მას ზედა მთისა გარიზინისასა. და აღიღო ჴმაჲ თჳსი, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ისმინეთ ჩემი კაცთა სიკიმისათა, და ისმინოს თქუენი ღმერთმან!

შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა, გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: მისმინეთ, შექემელებო, აგრემც ღმერთი მოგისმენთ.

8

და თქუა: წარსლვით წარვიდეს ხენი მაღნარისანი ცხებად თავისა თჳსისა მეფესა.

გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს: გახდი ჩვენი მეფე.

9

და ჰრქუეს ზეთისხილსა: მეფობდ ჩუენ ზედა! და ჰრქუა მათ ზეთისხილმან: აწ და-მე-უტეო სიპოხე ჩემი, რომელ ადიდა ჩემ თანა ღმერთმან და კაცთა, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

ზეთისხილმა უთხრა: დავთმო სიმსუყე, ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული, და ხეებს გადავყვე?

10

და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ლეღუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

11

და ჰრქუა მათ ლეღუმან: და აწ და-მე-უტეო სიტკბოებაჲ ჩემი და ნაყოფი ჩემი კეთილი, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

ლეღვმა უთხრა: დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?

12

და ჰრქუეს ხეთა მათ ვენაჴსა: მოვედ, მეფობდ შენ ჩუენ ზედა.

უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

13

და ჰრქუა მათ ვენაჴმან: აწ და-მე-უტეოა ღჳნოჲ ჩემი, სიხარული კაცთაჲ, მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?

14

და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ძეძუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

15

და ჰრქუა ძეძუმან ხეთა მათ: უკუეთუ ჭვშმარიტად მცხებთ მე თქუენ ზედა მეფედ, მოვედით და მესევდით საფარველსა ჩემსა ქუეშე. და აწ უკუეთუ ეგრე არს, გამოვედინ ცეცხლი ძეძჳსა მისგან და შეჭამენინ ნაძუნი ლიბანისანი.

უთხრა კვრინჩხმა ხეებს: თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჩრდილს შემოეფარეთ. არადა, ამოვარდება კვრინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს.

16

და თუ ჭეშმარიტად და სრულითა გულითა ჰქმენით თქუენ და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, და ვითარცა-იგი ჰყავთ იერობოალის თანა, და უკუეთუ მსგავსად მოგებისა მის ჴელისა მისისა მოაგეთ მათ.

აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?

17

ვითარ-იგი ჰბრძოდა მამაჲ ჩემი თქუენთჳს, და დადვა სული მისი წინაშე მის და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მადიამისა.

თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.

18

და თქუენ აღსდეგით სახლსა ზედა მამისა ჩემისასა დღეს და მოსრენით ძენი მისნი სამეოცდაათნი კაცნი ლოდითა ერთითა და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, ძე მჴევლისა მისისაჲ, კაცთა ზედა სიკიმელთა, რამეთუ ძმაჲ თქუენი არს.

თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.

19

და უკუეთუ ჭეშმარიტად სრულითა გულითა ჰყავთ იერობოალის თანა და სახლისა მისისა თანა ამას დღესა, იხარეთ აბიმელექის თანა და იხარენ აბიმელექ თქუენდა მიმართ.

თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.

20

უკუეთუ არა, გამოვედინ ცეცხლი აბიმელექისგან და შეგჭამენინ კაცნი სიკიმაისანი და სახლი მაალოჲსი, და გამოვედინ ცეცხლი კაცთაგან სიკიმაჲსათა და სახლისაგან მაალოჲსა და შეჭამენ აბიმელექ.

არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!

21

და წარვიდა და ივლტოდა იოათარ და მივიდა იგი ბეჰრად და იყოფოდა მუნ პირისაგან აბიმელექისა, ძმისა თჳსისა.

გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.

22

და მთავრობდა აბიმელექ ისრაჱლსა ზედა სამ წელ.

სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.

23

და მოუვლინა ღმერთმან სული უკეთური შორის აბიმელექისა და. შორის კაცთა მათ სიკიმისათა. და შეურაცხ-ყვეს კაცთა მათ სიკიმელთა სახლისა მიმართ აბიმელექისა.

შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,

24

რათა მოაწიოს უფალმან სიცრუვისა მისთჳს მისისა სამეოცდათთა მათთჳს ძეთა იერობოალისთა და სისხლი იგი მათი დაკრებად აბიმელექის ზედა, ძმისა მათისა, რამეთუ მოსრნა იგინი.

რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.

25

და კაცთა მათ ზედა სიკიმაჲსათა, რამეთუ განაძლიერნეს ჴელნი მისნი მოწყუედად ძმათა თჳსთა. და უმზირდეს მას კაცნი იგი სიკემელნი და ქმნეს მისთჳს სამზიროჲ თავთა ზედა მთათასა და მოიტაცებდეს ყოველსა ჟამსა წარმავალთა გზისათა და უთხრეს ესე აბიმელექს.

მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.

26

და მოვიდა გაალ, ძჱ აბედისი, და ძმანი მისნი და შევიდეს სიკემად. და მოსავ იყუნეს მის კაცნი იგი სიკემელნი.

მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.

27

და განვიდეს ველად და მოსთულეს ვენაჴები მათი, და დაწნიხეს და ერისკრებაჲ ყუეს. და შევიდეს ტაძრად ღმრთისა, და ჭამდეს და სუმიდეს და სწყევდეს აბიმელექს.

გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.

28

და თქუა ბაალ, ძემან აბედისმან: ვინ არს აბიმელექ და ვინ არს ძე, სუქემისი, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? ანუ არა ძე არს იერობოალისი და ზებულ მოღუაწე მისი და მონაჲ მისი კაცთა თანა ემორისთა, მამისა სჳქემისთა? და რაჲსათჳს ვჰონებდეთ მას ჩუენ?

ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?

29

ვინმცა მომცა მე ერი ესე ჴელთა ჩემთა? და გარდა-მცა-ვადგინე აბიმელექ და ვარქუ აბიმელექს: განიმრავლე ერი შენი და განვედ.

ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, განვდევნიდი აბიმელექს. ვეტყოდი აბიმელექს: გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი-მეთქი.

30

და ესმეს ზებულს, მთავარსა მის ქალაქისასა, სიტყუანი ესე გაალისნი, ძისა აბედისნი, და განრისხნა გულისწყრომითა ფრიად.

ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.

31

და მოუვლინნა მოციქულნი და ძღუენი აბიმელექისა და ჰრქუა: აჰა ესერა, გაალ, ძე აბედისი, და ძმანი მისნი მოსრულ არიან სიკიმად და იგინი აშფოთებენ ქალაქსა შენსა ზედა.

ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა: აჰა, მოვიდა გაალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს.

32

და აწ აღდეგ ღამე და ერი ეგე, რომელ არს შენ თანა, და უმზირე მათ ველსა.

ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.

33

და იყოს, განთიად აღმოსლვასა ოდენ მზისასა აღიმსთო და განირთხა ჴელი შენი ქალაქსა ამას ზედა. და იგი და ერი მისი მის თანა განგივლენ შენ და უყავ მას, რაჲ-იგი ძალ-გედვას ჴელსა შენსა.

დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.

34

და აღდგა აბიმელექ და ყოველი ერი, რომელ იყო მის თანა ღამე და უმზირდეს სიკიმასა ოთხი გუნდი ოთხად განყოფილი.

გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი, ოთხი რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად.

35

და გამოვიდა გაალ, ძე აბედისი, და დადგა იგი კართა თანა ბჭეთა მის ქალაქისათა. და წარმოიძრა აბიმელექ და ერი მის თანა ადგილისა მისგან სამზიროჲსა და მოვიდოდა.

გამოვიდა გაალ ყებედის ძე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი.

36

და მიჰხედა და იხილა გაალ, ძემან აბედიმან, ერი იგი და ჰრქუა ზებულს: აჰა ესერა, რომელი გარდამოვალს თავთაგან მთისათა. და ჰრქუა მას ზებულს: აჩრდილსა მთათასა ხედავ. შენ კაცად.

დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.

37

და შესძინა გაალ მერმე სიტყუად და თქუა: ერი გარდამოვალს ზღჳთ კერძო მახლობლად ღელესა მას ქუეყანისასა. და გუნდი ერთი მოვალს გზისა მისგან მაღნარისა სამსტროთაჲსა.

კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.

38

და ჰრქუა მას ზებულ: სადა არს პირი შენი, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ვინ არს აბიმელექ, რამეთუ ვჰმონებდეთ? აჰა ეგერა, ეგე არს ერი იგი, რომელ შენ შეურაცხ-ჰყავ. აწ განვედ და ჰბრძოდე მას.

უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რატომ უნდა ვმორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხია, შენ რომ არად აგდებდი. ახლა გადი და შეები.

39

და განვიდა გაალ წინამძღუარად კაცთა მათ სიკიმელთა და ჰბრძოდა აბემელიქს.

გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს.

40

და დევნა-უყო მას აბემელიქ და ივლტოდა გაალ პირისაგან მისისა. და დაეცნეს წყლულებითა მრავალნი ვიდრე ბჭედმდე მის ქალაქისა.

დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე.

41

და შევიდა აბიმელიქ არიმად და იყო იგი მუნ და განაძო ზებულ გაალი და ძმანი მისნი, რათა არა მკჳდრობდენ სიკიმას შინა.

აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.

42

და იყო ხვალისაგან, განვიდა ერი იგი ველად და უთხრეს აბიმელექს:

მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.

43

ვითარმედ ზედა მოგივლენ. ხოლო მან წარმოიყვანა ერი თჳსი და განყო იგი სამად გუნდად და დაემალა მათ. და ვითარცა იხილა, რამეთუ ერი გამოჴდა ქალაქით, დაესხა მათ და მოსრნა იგინი.

წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაჰყო სამ რაზმად და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა.

44

და აბიმელექ და გუნდი იგი მისი მოიწინეს და გადგეს ბჭეთა თანა მის ქალაქისათა და ორი იგი გუნდი განეფინა მათ ზედა ყოველნი, რომელნი იყუნეს ველსა მას, დამუსრჳდეს მათ.

მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა, ხოლო ორი რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო, და ხოცავდა.

45

და აბიმელექ ჰბრძოდა ქალაქსა მას დღე ყოელ. და დაიპყრეს იგი და ერი მისი მოსრეს და ქალაქი იგი დაარღჳეს. და დასთესეს მას მარილი.

მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.

46

და ესმეს სიტყუანი ესე ყოველნი ყოველთავე მათ კაცთა გოდლისა სიკიმისათა და შევიდეს იგინი მოზღუდვილსა მას ტაძარსა ბაალბერითისსა.

შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.

47

და უთხრეს აბიმელექს, ვითარმედ: შეკრბეს ყოველნი იგი კაცნი გოდლისა სიკიმაჲსანი.

მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი.

48

და აღვიდა აბიმელექ მთასა მას ევმონსა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა. და მოიღო აბიმელექ ცული ჴელითა თჳსითა და მოკაფა ტჳრთი ერთი შეშაჲ, და აღიდვა იგი მჴარსა და ჰრქუა ერსა მას თჳსსა: ვითარცა-ესე მიხილეთ მე, რაჲ-ესე ვყავ. თქუენცა ესრეთ ყავთ ადრე, ვითარცა-ესე მე ვყავ.

ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა, მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე ჰქენით.

49

და მოკაფა კაცად-კაცადმან ტჳრთი და შეუდგა აბიმელექს. და დაზჳნეს იგი გარემოს მოზღუდვილსა მას და დაწუეს იგი ცეცხლითა. და მოწყჳდა ყოველი კაცი გოდლისა მის სიკიმელთაჲსა, ვითარ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი.

მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.

50

და წარმოვიდა აბიმელექ თებედდ და გარე მოადგა მას.

მერე თებეზისკენ გაემართა აბიმელექი, ალყა შემოარტყა თებეზს და აიღო.

51

და იყო გოდოლი დიდი შორის ქალაქსა მას, და შეივლტოდეს მუნ მამანი და დედანი და ყოველნივე მთავარნი მის ქალაქისანი და დაჰჴშეს კარი და აღვიდეს იგინი ერდოსა მის გოდლისასა.

შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა, შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი, შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ.

52

და მოვიდა აბიმელექ გოდოლსა მას თანა და ჰბრძოდეს მას. და მიეახლა აბიმელექ ვიდრე კარადმდე მის გოდლისა, რათამცა დაწუა იგი ცეცხლითა.

მიიჭრა აბიმელექი გოდოლთან, ალყა შემოარტყა, მიადგა გოდლის კარიბჭეს, რომ ცეცხლი წეკიდებინა.

53

და გარდამოუტევა დედაკაცმან ნატეხი ფქჳლისა საფქუელისა თავსა ზედა აბიმელექისსა და შთატეხა თხემი მისი.

მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.

54

და ღაღად-ყო მეყსეულად და ჰრქუა მონასა მას ნიჟოგარსა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, რათა არა თქუან, ვითარმედ დედაკაცმან მოკლა იგი, და განგუმირა იგი მონამან მან თჳსმან და მოკუდა.

უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.

55

და იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რამეთუ მოკუდა აბიმელექ, და ივლტოდა და წარვიდა კაცად-კაცადი ადგილსა თჳსსა.

როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

56

და მოაქცია ღმერთმან უკეთურებაჲ იგი აბიმელექესი თავსა ზედა მისსა, რომელ-იგი უყო მამასა თჳსსა, ვითარ-იგი მოწყჳდნა სამეოცდაათნი ძმანი თჳსნი.

ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი სამოცდაათი ძმა დახოცა.

57

და ყოველივე უკეთურებაჲ კაცთა მათ სუქემისათა შეაქცია ღმერთმან თავთა მათთა ზედა წყევაჲ იგი იოათამისი, ძისა იორობოალისი.

ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.