მსაჯულნი · თავი 6
და უყვეს ბოროტი ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისასა შჳდ წელ.
უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.
და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაჱლსა ზედა, და იქმნეს თავისა თჳსისა ძეთა ისრაჱლისათა პირისაგან მადიამისა საყოფლები მთათა შინა, და ქუაბთა და ძნელოვანთა.
დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
და იყო, რაჟამს სთესის თესლი კაცმან ისრაჱლისამან, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი და ყოველნივე ძენი მზის აღმოსავალითისანი.
როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.
და მოვიდეს და დაიბანაკეს მათ ზედა, და განრყუნიან ჯეჯილი ქუეყანისა ვიდრე მოსლვადმდე გაზად. და არა დაუტევიან ძალი ცხორებისაჲ ისრაჱლისა შორის, რამეთუ იგინი და სამწყსოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი მათი.
ჩამოსახლდებოდნენ მათ მიწაზე, გააჩანაგებდნენ მთელ მოსავალს ღაზამდე, აღარაფერს უტოვებდნენ ისრაელს თავის სარჩენად, არც ცხვარს, არც ძროხას, არც სახედარს.
აღმოვიდიან და კარვები მათი მოიწინიან, ვითარცა მკალნი სიმრავლითა და რემაკები მათი და აქლემებისა მათისა არა არნ რიცხჳ, და მოვიდიან ქუეყანასა ისრაჱლისასა და განხრწნიან იგი.
მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას.
და დაგლახაკნა ისრაჱლი ფრიად პირისაგან მადიამისა და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ.
მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
და იყო, რაჟამს ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ მადიამისთჳს.
და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო,
და მოავლინა უფალმან კაცი წინასწარმეტყუელი ძეთა ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყუანენ თქუენ ვგჳპტით, და გამოგიყვანენ თქუენ სახლისა მისგან კირთებისა.
მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,
და განგარინენ თქუენ ჴელთაგან მეგჳპტელთასა და ჴელთაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთასა, და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ მათი.
დაგიხსენით ეგვიპტელის ხელთაგან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელთაგან, განვდევნე ისინი თქვენგან და მათი ქვეყანა თქვენ მოგეცით.
და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: და არა გეშინოდის თქუენ ღმერთთათჳს ამორეველთასა, რომელთა შორის თქუენ დამკჳდრებულ ხართ ქუეყანას მათსა! და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.
თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი.
და მოვიდა ანგელოზი უფლისა და დაჯდა იგი მუხასა მას ქუეშე, რმელი-იგი იყო ეფრაასიოსისსა, მამისა ეზრისსა, და გედეონ, ძე მისი, გამოძეგუდა იფქლსა კუერთხითა საწნეხელსა შინა, რათა მოსტაცოს წინაშე პირსა მადიამისასა.
მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა ძლიერი ძალითა!
გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიხილე, უფალო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს მპოვნა ჩუენ ყოველმანვე ამან ბოროტმან? და სადა არიან ყოველნი იგი საკჳრველებანი მისნი, რავდენთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი? და თქუან, ვითარმედ: ეგჳპტით გამომიყვანნა ჩუენ. ხოლო აწ განგჳშორნა ჩუენ და მიგუცნა ჩუენ ჴელთა მადიამისათა.
უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო.
და მოიხილა მისსა ანგელოზმან მან უფლისამან და ჰრქუა მას: წარვედ ძლიერებითა შენითა და იჴსენ ისრაელი: აჰა ეგერა, წარგავლინე შენ.
მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი!
და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიქეც, უფალო, რათა ვიჴსნე მე ისრაჱლი. აჰა ესერა, ათასეული ჩემი უმდაბლეს არს მანასესა შორის და მე უმცირეს ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.
უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.
და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა! და მოსრა შენ მადიამი, ვითარცა ერთი კაცი.
უთხრა უფალმა: მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.
და ჰრქუა მას გედეონ: და უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა.
უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
ნუ განმეშორები ამიერ ვიდრე მოსლვამდე ჩემდა წინაშე შენსა და მოგართუა მსხუერპლი ჩემი, დავაგო წინაშე შენსა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მე ვარ, გგებდე შენ ვიდრე მოსლვადმდე შენდა.
ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ვიდრე ძღვენს გამოვიტანდე და მოგართმევდე. უთხრა: შენს დაბრუნებამდე აქ მოვიცდი.
და გედეონ შევიდა და შეაგბო თიკანი თხათა და საწყაული ერთი ფქჳლი უცომოთა. და ჴორცი იგი დააგო ლანკლასა ზედა. და წუენი იგი მისი შთაასხა ქოთანსა და გამოართუა მას მუხასა მას ქუეშე და თაყუანის-სცა მას.
წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები დაამზადა, ხორცი კალათაში ჩააწყო, წვენი ქოთანში ჩაასხა, მიიტანა ბელეკონქვეშ და მიართვა.
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.
უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.
და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.
გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.
მიხვდა გედეონი რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე!
და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენ თანა! ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.
უფალმა უთხრა: მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია, არ მოკვდები.
და უშენა მუნ გედეონ საკურთხეველი უფალსა. და უწოდა მას „მშჳდობაჲ უფლისაჲ“ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. და ვიდრე იყოღა იგი მუნ იეფორას მამისა ეზრისსა.
სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
იყო მას ღამესა მისა მიმართ სიტყუაჲ უფლისაჲ და ჰრქუა მას: მოიბ ზუარაკი იგი ჭამებული მამისა შენისა და ზუარაკი სხუაჲ შჳდ წელისაჲ, დაარღჳე საკურთხეველი იგი ბაალისი, რომელ არს მამისა შენისა და სერტყები იგი მისი მოკაფე.
უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: წამოიყვანე მამაშენის ჯოგიდან მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი. დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და მის გვერდით რომ აშერაა, აჩეხე.
და აღაშენე საკურთხეველი უფლისა ღმრთისა შენისაჲ თხემსა მას ზედა მანოზ მთისასა განსაწყობელსა; და მოიბ ზუარაკი იგი და შეწირე მსხუერპლად შეშითა მით მის სერტყებისაჲთა, რომელ მოჰკაფო.
აუგე უფალს, შენს ღმერთს, რიგიანი სამსხვერპლო ამ კვრივის თავში. მერე აიღე და დაწვი მეორე მოზვერი აღსავლენ მსხვერპლად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.
და წარიყუანა გედეონ ათი კაცი მონათაგან თჳსთა ყოფად ეგრე, ვითარცა ეტყოდა მას უფალი; და რამეთუ ეშინოდა მას, სახლისათჳს მამისა თჳსისა და კაცთათჳს მის ქალაქისათა, არა ყო დღისი, არამედ ღამე.
წამოიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ თავის შინაურთა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე და ღამით გააკეთა.
და აღიმსთუეს კაცთა მის ქალაქისათა განთიად და იხილეს, რამეთუ დარღუეულ იყო საკურთხეველი იგი ბაალისი და სერტყები იგი მისი მოკაფულ იყო და ზუარაკი იგი ჭამებული შეიწირა საკურთხეველსა მას ზედა, რომელი ეშენა.
აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე.
და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ვინმე ქმნა საქმე ესე? და გამოიკითხეს და გამოიძიეს და უთხრეს, ვითარმედ გედეონ, ძემან იოასისმან, ქმნა საქმე ესე.
უთხრეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიმოდგნენ, გამოიკითხეს და თქვეს: გედეონს ჩაუდენია, იოაშის ძეს.
და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა იოასს: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი ბაალისი და მოჰკაფა სერტყები იგი მას ზედა.
უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს.
და ჰრქუა იოას კაცთა მათ, რომელნი აღდგომილ იყვნეს მის ზედა: აწ თქუენ უშჯითა ბაალსა? ანუ თქუენმე იჴსნეთა იგი, რომელმან-იგი ავნო მას? მოკუდეს იგი განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, შურ-აგოს თავსა თჳსსა, რამეთუ დაამჴუა საკურთხეველი მისი.
უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.
და უწოდა მას სახელი მას დღესა შინა სამშჯავროჲ ბაალისი, რამეთუ დაარღჳა გედეონ საკურთხეველი მისი.
უწოდეს იმ დღიდან იერობაალი, რადგან თქვეს: თავად გაუსწორდეს ბაალი თავისი სამსხვერპლოს დანგრევისთვის.
და ყოველი მადიამი და ამალეკი და ძენი იგი მზისაღმოსავალისათანი შეკრებილ იყუნეს ერთბამად, და მოვიდეს და დაიბანაკეს ღელესა მას იეზრაელისასა.
შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ.
და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონ, დაჰბერა ნესტუსა რქისასა, და აღიზახა აბიეზერ შემდგომად მისა.
უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.
და მოციქულნი წარავლინნა ყოველსა მანასესა, და აღიზახეს მათცა შემდგომად მისა და მოციქულნი წარავლინნა ასერისა და ზაბულონისა და ლეფთალემისა; და გამოვიდეს და მიეგებვოდეს მას.
კაცები დაგზავნა მთელ მენაშეს ტომში და გამოვიდნენ ისინი მის დაძახილზე. კაცები გაუგზავნა აშერს, ზებულონსა და ნაფთალისაც და ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ იჴსნე ჴელითა ჩემითა ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდე.
უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,
აჰა ესერა, მე დავდვა საწმისი ერთი მატყლისაჲ კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანაჲ ჴმელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ჴელითა ჩემითა იჴსნე შენ ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდის უფალი.
მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.
და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა სასმისი იგი, და გამოჴდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.
ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიჴმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.
უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.
და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო ჴმელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.
ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
