მსაჯულნი · თავი 5
და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს,
ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა, გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა.
ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა.
ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი ცროდეს წყალთა.
როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.
მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.
დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა.
შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას.
მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა.
სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.
შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა.
ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში?
გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი ერისანი, აკურთხევდით უფალსა.
ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!
რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა.
თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი!
შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა.
იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!
აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო.
გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა.
მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები.
ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა.
ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები.
და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა, ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა. დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი.
ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი,
რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა დაემკჳდროს.
გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს.
სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.
მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე.
მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.
ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა.
ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას.
ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა, ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან,
კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით!
მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი.
სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.
სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა, რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის.
დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!
იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ, დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ.
კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!
წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და მოართუა მას ერბოჲ.
წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა.
მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.
შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი.
მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.
სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა ეტლთა მისთასა?
სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?
ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით.
პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად:
არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ.
ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული.
ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ.
ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
