მსაჯულნი · თავი 14
და შთავიდა სამსონ თამნთად და იხილა მუნ დედაკაცი ასულთაგან უცხოთესლთასა. და სათნო-უჩნდა იგი წინაშე მისსა.
ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.
და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.
აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად.
და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.
უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა.
ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.
რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.
და შთავიდა სამსონ და დედაჲ და მამაჲ მისი თამნათად და მიაქციეს ვენაჴოანსა მას თამნათაჲსსა, და აჰა ესერა, ლეკჳ ლომისა იზახებდა და მოეგებვოდა მას.
წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ.
და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისმან და დააკუეთა იგი, ვითარცა თიკანი თხათაჲ და არა რაჲ იყო ჴელთა შინა. ხოლო მან არა უთხრა მამა-დედასა მისსა, რაჲ-იგი ყო.
მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
და შთავიდეს და ეტყოდეს დედაკაცსა მას და სათნო-უჩნდა იგი წინაშე თუალთა სამსონისთა.
მივიდა, ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.
და მოვიდეს შემდგომად დღეთა მათ მოყვანებად მისსა და მიაქცია სამსონ ხილვად ლომის ლეკჳ, ესერა, ფუტკარი შეკრებილ იყო პირსა მის ლომისასა და გოლი თაფლისა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა, მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
გამოიღო პირისა მის ლომისაგან და ვიდოდა სლვით და ჭამდა და სცა მამა-დედასა თჳსსაცა და ჭამეს და არა უთხრა, ვიდრე მოიღო თაფლი იგი.
პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
და შთავიდეს იგინი დედაკაცისა მის და ყო მუნ სამსონ სუმაჲ შჳდ დღე, რამეთუ ესრეთ ყჳან ჭაბუკთა.
მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.
და იყუნეს შეძრწუნებულ მისგან და დაადგინნეს მის თანა გმირნი ოცდაათნი, და იყოფოდენ მის თანა.
როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.
და ჰრქუა მათ სამსონ: დაგიდვა თქუენ იგავი და, უკუეთუ მითხრათ მე შჳდთა ამათ დღეთა სუმისათა, მოგცე თქუენ ოცდათი არდაგი და ოცდათი კუართი.
უთხრა მათ სამსონმა: ერთ გამოცანას გეტყვით, თუ ამ შვიდ დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, ოცდაათ ხელ საცვალს და ოცდაათ ხელ ტანსაცმელს მოგცემთ.
და უკუეთუ ვერ მითხრათ მე, თქუენ მომეცით ოცდაათი არდაგი კუართი. ხოლო მათ ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი შენი და ვისმინოთ იგი.
თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ოცდაათი ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს: თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.
და ჰრქუა მათ სამფსონ: მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი. და ვერ უძლეს მათ თხრობად იგავი იგი სამთა მათ დღეთა.
უთხრა: მჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.
მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?
შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?
და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.
შვიდი დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს, მეშვიდე დღეს, თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა.
და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.
მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე, უთხრეს მას თიმნათელებმა: რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა: ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.
და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.
მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა.
ხოლო ცოლი იგი სამსონისი შეირთო ძმამან მისმან, რომელ-იგი იყო მოყუასი მისი.
სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს.
