მეოთხე მეფეთა · თავი 9
და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქა ეგე საცხებელისა ჴელითა შენითა და მივედ ჰრამათ გალადად.
მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთ წანასწარმეტყველს და უთხრა: შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთს.
და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძე იოსაფატისი, ძისა ამესასი, და აღადგინო იგი შორის ძმათა თჳსთა და შეიყვანო იგი სენაკით სენაკად.
მიხვალ და მოძებნი იქ იეჰუს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს; მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან.
და მიიღო რქა იგი ზეთისა და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები.
აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარს გააღებ, და დაუყოვნებლივ გაიქცევი.
და წარვიდა ყრმა იგი წინაწარმეტყუელისა ჰრამოთ გალაად.
წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთს.
და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი სხდეს და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო. და ჰრქუა იუ: ვისდა მიმართ ჩუენგანისა? და ჰრქუა: შენდა, მთავრისა მაგის.
მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდლები. უთხრა: სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო. თქვა იეჰუმ: რომელთან ჩვენ შორის? მიუგო: შენთან, სარდალო.
და აღდგა და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი ზედა თავსა მისსა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ისრაჱლსა ზედა.
ადგა და შევიდა სახლში. გადაასხა ზეთი თავზე და ეთხრა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ.
და დასცე სახლი იგი აქაბისი უფლისა შენისა, პირისაგან შენისა და იძიო შური სისხლისა მონათა მათ ჩემთა წინაწარმეტყუელთა, სისხლი ყოველთა მონათა უფლისათა ჴელთაგან იეზაბელისათა და ყოვლისაგან სახლისა მისისა.
შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან.
და მოსრა სახლისა მის აქაბისი და არა დაუტეო ერთიცა, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი და ნეშტნი ისრაჱლისა,
განადგურდება აქაბის მთელი სახლი, ამოვძირკვავ ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი - ყმა და აზატი ისრაელში.
მიცემად სახლი აქაბისი, ვითარცა სახლი იორობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი.
გადავაქცევ აქაბის სახლს იერობოამ ნაბატის ძის სხლად და ბაყაშა ახიას ძის სახლად.
და იეზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისასა და არავინ იყოს, რომელმან დაფლას. და განაღო კარი და ივლტოდა.
იზებელს ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი. გააღო კარი და გაიქცა.
და იუ გამოვიდა მონათა მათ უფლისა თჳსისა თანა და ჰრქუეს მას: მშჳდობა არსა? რასა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? და ჰრქუა მათ. თქუენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულები მისი.
გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მორჩილებთან და უთხრეს: ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი? მიუგო: თქვენ იცით მაგ კაციც და მისი ნალაპარაკევიც.
და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე, გჳთხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქვა: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა.
თქვეს: ტყუილია. გვითხარი. თქვა. ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.
ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მოიღეს თჳთოეულმან ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს ქუეშე მისსა ერთსა მას აღსავალთაგანსა, სადა სხდეს, და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუეს: დადგა მეფედ იუ.
მყისვე დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ხედ საფეხურებზე დაუფინეს; ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდა იეჰუ.
და ერისკრება-ყო იუ ძემან იოსაფატისამან, ძისა ამესასმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამათ გალაადს შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთასა.
შეთქმულება მოაწყო იეჰუმ, იოშაფატ ნიმშის ძის ძემ, იორამის წინააღმდეგ. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გალაადის რამოთში.
და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ წყობასა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, და თქუა: იგი უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელსა შინა.
თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში განეკურნა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელ არამის მეფესთან ბრძოლის დროს. თქვა იეჰუმ: თუ თანახმა ხართ, ნურავის გავუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.
და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა.
ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორმის სანახავად.
და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა?
ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში, დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: ჯარს ვხედავ. თქვა იორამმა: აიღე და გააგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ხომ მშვიდობაა-თქო.
და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა.
წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობა არისო? მიუგო იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდებაო.
და წარავლინა მეორედ მჴედარი და მოიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა?უკმოდეგ აქა.
გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: ასე ამბობს მეფე: მშვიდობა არისო? თქვა იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.
და თქუა ებგურმან: მიიწია მოციქული იგი მათა და არავე უკმოიქცა, რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, ძე ამესასი, მიაწია,რამეთუ მრისხანედ მიაწია.
შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.
და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს ეტლნი და აღსხდეს კაცად -კაცადი ეტლებსა თჳსსა - იორამ, მეფე ისრაჱლისა, და ოქოზია, მეფე იუდასი, და მიეგებნეს იუსს და პოვეს იგი ნაწილსა მას ნაბუთესსა იეზრაიტელისასა.
თქვა იორამმა: შემიკაზმეთ. შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზია იუდას მეფე თავ-თავისი ეტლებით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის ნაკვეთზე.
და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა: მშჳდობა არსა იუ? და ჰრქუა იუ: რაჲ მშჳდობა? განმრავლდეს სიძვანი დედისა შენისა იეზაბელისნი და გრძნებანი მისნი.
როცა დაინახა იორამმა იეჰუ, უთხრა: ხომ მშვიდობაა, იეჰუ? მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?
და გარეშე-ხოლო-იქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა იორამ ოქოზიას: ზაკვა არს რამე, ოქოზია.
უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა. უთხრა ახაზიას: ღალატია, ახაზია!
და მოირთხა იუ და სცა იორამს საშუალ ბეჭთა და განსწონნა გულსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა თჳსთა.
მოზიდა შვილდს იეჰუმ, ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.
და ჰრქუა იუ დებეკს, სპარაზენსა მას თჳსსა: აღიღე იგი და შთააგდე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესასა იეზრაიტელისასა, რამეთუ მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვხედევდით აქაბს, მამასა მაგისსა, და უფალმან დადვა მაგასა ზედა შესამთხუეველი ესე,
უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში; გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა.
ვითარმედ ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთა, რომელ ვიხილე გუშინ, თქუა უფალმან: მივაგო ეგე ნაწილსა ამას. და თქუა უფალმან: აწ აღიღე და შთააგდე ნაწილსა მას ნაბუთესასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.
და ოქოზია, მეფემან იუდაჲსმან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა და შეუდგა კვალსა მისსა იუ და თქუა: იგულეთ ეგეცა. და სცა მას ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაჲსსა, რომელ არს იეგლამს, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა.
ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბაალის სახლისკენ გაიქცა. გაეკიდა იეჰუ და დაიძახა: მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე. დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან; მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.
და წარიღეს იგი მონათა თჳსთა იერუსალჱმდ და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა.
წაასვენეს მისმა მორჩილებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.
და წელსა მას მეათერთმეტესა იორამისასა, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია ზედა იუდასა.
იორამ აქაბის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში.
და მივიდა იუ იეზრაიტელად და იეზაბელს ესმა და მოგრემანნა თუალნი თჳსნი და შეიმკო თავი თჳსი და გარდამოხედვიდა სარკმელით.
მივიდა იეჰუ იზრეყელში და როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.
და იუ შევიდოდა ქალაქსა მას და თქუა იუ: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკულელი იგი უფლისა თჳსისა?
შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ჰკითხა იზებელმა: ხომ მშვიდობაა, ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელო?
და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიხედნა სარკმელთა მათ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მის თანა ორნი საჭურისნი.
აჰხედა იეჰუმ სარკმელს და დაიძახა: ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ? და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა.
და ჰრქვა მათ იუ: გარდამოაგდეთ ეგე და გარდამოაგდეს იგი და მიასხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი.
უთხრა: გადმოაგდეთ! გადმოაგდეს და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს, და გადათელეს იგი.
და შევიდა, ჭამა და სვა და თქუა იუ: იხილეთ წყეული იგი და დაფალით, რამეთუ ასული შარავანდედთა იყო.
მივიდა, ჭამა და სვა, თქვა: მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.
და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.
წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი.
და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი.
დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იეჰუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მორჩილის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს.
და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს.
იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იზებელი.
