მეოთხე მეფეთა · თავი 14

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

წელსა მეორესა სუფევასა იოასისათა, ძისა იოაქაზისასა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ამასია, ძე იოასისი, მეფე იუდასი.

ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის, მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.

2

ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მას მისსა მეფედ, ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იოადიმ იერუსალჱმით.

ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.

3

და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.

სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი.

4

ხოლო მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი შესწირვიდა და უკმევდეს მაღალთა მათ.

ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.

5

და იყო, ვითარცა დაამტკიცა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა და მოსრნა მონანი იგი თჳსნი, რომელთა მოკლეს მეფე, მამა მისი.

როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა.

6

და შვილნი მკულელთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისასა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და თქუა: ნუ მოკუდებინ მამა შვილისათჳს და ნუცა მამისათჳს შვილი, არამედ თჳთოეულად ცოდვათათჳს მოკუედინ.

მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო. არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს.

7

ამან დასცა ედომი გემელექს წყობასა ათი ათასი და გამოიპყრა კლდე იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათოელ მოდღენდელად დღედმდე.

მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე - ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთიელი, როგორც დღემდე ეწოდება.

8

მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქულნი იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისათჳს იოას მეფისა ისრაჱლისასა და ჰრქუა: მოვედ, შეგიმთხჳვნეთ ურთი- ერთარს პირისპირ.

მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.

9

და მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდისასა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანისამან მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელ იყუნეს ლიბანეს და დატკეპნეს ძეძვი იგი.

შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.

10

და მოსრვით მოსარ ედომი და აღილაღე გულითა შენითა, თავ-იყავ თავსა, დაჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურება შენი? და დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.

11

და არა მიერჩოდა ამასია. განვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს პირისპირ იგი თავადი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსა ჰურიასტანისასა.

ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთშემეშთან, იუდაში რომ არის.

12

და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თჳთოეულად სამ- კჳდრებელად თჳსად.

დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.

13

და ამასია, მეფე იუდასი, ძე ოასისი, ძისა აქაზასი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაარღჳა ზღუდე ბჭემდე კიდისათა ოთხას წყრთა.

ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.

14

და წარიღო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მას საფასესა მეფისასა და შვილნი იგი უცხოთესლთანი, და მიიქცა სამარიად.

წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.

15

და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი და რომელ- რა ქმნა ძლიერებითა თჳსითა და წყობა იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა იუდასსა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, როგორ ებრძოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

16

და დაიძინა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა და მეფობდა იორობოამ, ძე მისი, მის წილ.

განისვენა იეჰოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით; მის ნაცვლად მისი ძე იერობოამი გამეფდა.

17

და ცხონდა ამესია, ძე იოასისი, მეფე იუდასი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

ისრაელის მეფის იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.

18

და ნეშტნი სიტყუათა ამესიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

19

და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმდ და მიივლტოდა ლაქისად. და შეუდგეს კვალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.

შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.

20

და დასდვეს იგი საჴედარსა თჳსსა ზედა და წარმოიღეს და დაფლეს იგი იერუსალჱმსა მამათა თჳსთა თანა, ქალაქსა დავითისასა.

წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.

21

და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდისამან აზარია, ძე მისი, და იგი იყო ათექუსმეტისა წლისა ოდენ, და დაიდგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ ამასიას.

გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად გაამეფეს.

22

ამან აღაშენა აელათი და კუალად-აგო იუდა შემდგომად სიკუდილისა მისისა მამათა თჳსთა თანა.

მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამა-პაპასთან.

23

წელსა მას მეათერთმეტესა ამასიასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იორობოამ, ძე იოასისი, მეფე ისრაჱლისა, ზედა ისრაჱლსა სამარიასა ორმეოცდაერთ წელ.

იუდას მეფის ამაციაჰუ იოაშის ძის მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოამ იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი.

24

და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

უკუღმართად იქცეოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

25

მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.

მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გათხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის, პირით.

26

რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.

რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე, არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს.

27

და არა უნდა უფალსა აჴოცად ნათესავი ისრაჱლისა ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი უფალმან ჴელთაგან იორობოამისითა, ძისა იოსიასთა.

არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის მოსპობა ცისქვეშეთიდან და იერობოამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.

28

და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

იერობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

29

და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მამისა თჳსისა წილ.

განისვენა იერობოამმა თავის მამა-პაპასთან, ისრაელის მეფეებთან. მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.