მეოთხე მეფეთა · თავი 8

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისა განაცოცხლა ძე მისი, და ჰრქუა: აღვედ და წარვედ, შენ და სახლი შენი, და მწირობდი, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ქუეყანასა ამას და ყოფად არს სიყმილი ქუეყანასა ამას ზედა შჳდ წელ.

ასე უთხრა ელისემ ქალს, შვილი რომ გაუცოცხლა: ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.

2

და აღდგა დედაკაცი იგი და ყო მსგავსად სიტყჳსა მის ელისესსა. და წარვიდა იგი თავადი და სახლი მისი და მწირობდა ქუეყნასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ.

ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.

3

და იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთათ, მოვიდა და ღაღადებდა წინაშე მეფისა სახლისა თჳსისა და აგარაკისა თჳსისათჳს.

შვიდი წლის თავზე დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მივიდა მეფესთან თავისი სახლკარისა და ყანის გამოსათხოვად.

4

და მეფე ეტყოდა გეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ შენ მე ყოველი იგი დიდ-დიდი, რომელ ქმნა ელისე.

ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა, მომიყევი ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.

5

და იყო, ვიდრე უთხრობდა იგი მეფესა, ვითარ განაცოცხლა ძე იგი დედაკაცისა მის მომკუდარი და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისა განაცოცხლა ძე იგი მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს, და ჰრქუა გეზი: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძე მაგისი, რომელ განაცოცხლა ელისე.

ისიც უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი და სწორედ მაშინ მივიდა მეფესთან ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, თავისი სახლ-კარისა და ყანის სათხოვნელად. თქვა გეხაზიმ: მეფევ-ბატონო! ის ქალია! ამის შვილია, ელისემ რომ გააცოცხლა!

6

და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას და მან უთხრა მას და მისცა მას მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგე მაგას ყოველივე მაგისი და ყოველივე ნაყოფი ქუეყანისა მაგისისა, ვინაჲთგან დაუტევა ქუეყანა ესე ვიდრე აქა ჟამამდე.

გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.

7

და მივიდა ელისე დამასკედ და ძე ადერისი, მეფე ასურასტანსა, სნეულ იყო და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისა.

მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. მოახსენეს და უთხრეს, ღვთისკაციაო მოსული.

8

და ჰრქუა მეფემან აზაელს: მიიღე ჴელთა შენთა მანანა და მიეგებოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?

9

და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისესა და წარმოიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკისა აქლემითა ორმეოცითა, მივიდა და დადგა წინაშე ელისესა და ჰრქუა: მამაო ელისე, შვილმან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან მომავლინა მე შენდა და თქუა: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?

წავიდა ხაზაელი მისაგებებლად; ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი; მივიდა, წარუდგა მას და თქვა: შენმა შვილმა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?

10

და ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით სცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით მოკუდეს.

უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.

11

და დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესა კრძალვით და ტიროდა კაცი იგი ღმრთისა.

გააშტერა ელისემ სახე და უყურებდა, ვიდრე არ შერცხვა მას. მერე ატირდა ღვთისკაცი.

12

და ჰრქუა აზაელ: რაჲსა სტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა მას ელისე: უწყი, რავდენ-რა უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა, ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და ჩჳლნი მათნი მოსრნე მახჳლითა და მაკენი მათნი განაპნეთ.

თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.

13

და ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონა ესე შენი ძაღლი ერთი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის დიდისა? და ჰრქუა ელის: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ მეფობდე შენ ასურასტანსა ზედა.

თქვა ხაზაელმა: ვინ ძაღლი გდია შენი მორჩილი, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს? მიუგო ელისემ: შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.

14

და წარვიდა აზაელ და მივიდა უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას, რა თქუა ელისე, და თქვა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ ცხორებით ცხონდეს.

წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა: რა გითხრა ელისემ? თქვა: მითხრა, რომ გამოჯანმრთელდები.

15

და იყო, ხვალისგან მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა და მიიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა, და დადგა მეფედ მის წილ აზაელ.

აიღო მეორე დღეს საბანი ხაზაელმა, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი.

16

წელსა მეხუთესა იორამისასა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა იორამ, ძე იოსაფატისი, იუდეასა ზედა.

ისრაელის მეფის იორამ აქაბის ძის მეხუთე წელს, იუდას შვილის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე.

17

და იყო იგი ოცდაათორმეტის წლისა დაჯდომასა მას მისსა და მეფობდა ორმეოც წელ იერუსალიმს ზედა.

ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.

18

და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისამან, რამეთუ ასული აქაბისი ესვა ცოლად მისა, და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

19

და არა უნდა უფალსა განრყუნად იუდა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა.

მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.

20

და დღეთა მისთა ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდასსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფე.

მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.

21

და განვიდა იორამ სეირით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო, მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ბნელღა იყო, დასცა ედომი და გარემო ზღუდენი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი და შეივლტოდა ერი იგი თჳთეული კარავად თჳსა.

გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს, მაგრამ გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.

22

და განადგა ედომი ჴელსა იუდასასა და დღენდელად დღემდე, მას ჟამსა განადგა ლობნაცა.

განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც.

23

და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველნი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა.

იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

24

და დაიძინა იორამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

განისვენა იორამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.

25

წელსა მას მეათორმეტესა იორამისასა, ძისა აქაბისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი.

ისრაელის მეფის, იორამ აქაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე.

26

ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრესი, მეფისა ისრაჱლისა.

ოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული.

27

და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძე ეყო სახლსა მას აქაბისასა.

აქაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც აქაბის სახლი, რადგან აქაბის სახლის სიძე იყო.

28

და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთასა, ჰრამოთ გალადისათ. და სცეს ასურთა მათ იორამი.

წავიდა იორამ აქაბის ძე ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.

29

და მოიქცა მეფე იორამ კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ ჰრამათს წყობასა მას მისსა აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იეზრაელს შინა, რამეთუ სნეულ იყო.

მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობისთვის, არამელებმა რომ მიაყენეს რამოთში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.