მეოთხე მეფეთა · თავი 25

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო, მეცხრესა წელსა მეფობასა მისსა თუესა მეოთხესა, ათსა მის თჳსასა, მოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანისა, და ყოველი ერი მისი იერუსალჱმად და გარემოადგა მას და აშენა მას ზედა ზღუდე გარემო.

თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეცხრე თვის მეათე დღეს წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ, შემოადგა მას და მიწაყრილები შემოავლო ირგვლივ.

2

და გარემოიცვა ქალაქი იგი შეყენებად ვიდრე ათერთმეტად წლადმდე სედეკ მეფისა.

ასე იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.

3

მეცხრესა თვესა განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა და არა იყო პური ერისათჳს ქუეყანასა.

თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილობა ქალაქში და არ ჰქონდა პური ქვეყნის ერს.

4

და განივლთა ქალაქი და განვიდა მეფე და ყოველნი კაცნი მბრძოლნი ღამე გზასა ბჭისა აღსავლისასა შორის ორთა მათ ზღუდეთა, რომელ არს მტილისა მის სამეუფოსა. და ქალდეველნი გარემოადგეს ქალაქსა და წარვიდეს გზასა მას არაბიათ აღმოსავლით.

გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით მეომრები კარიბჭის გზით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა დაბლობისკენ მიმავალ გზას.

5

და დევნა-უყო ერმან ქალდეველისამან უკანა მეფესა და ეწივნეს მას დასავლით იერიქოსა და ყოველი ერი მისი განიბნია მისგან.

დაედევნა ქალდეველთა ჯარი და მიეწივნენ ერიქონის დაბლობზე. მთელი ჯარი გაეფანტა ციდკიაჰუს.

6

და შეიპყრეს მეფე მარტო და მიიყვანეს იგი მეფისა ბაბილოვანისა დებლათად და ეტყოდა მეფე სასჯელით.

შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს.

7

და ძენი სედეკიასნი მოსრნა წინაშე მისა და თუალნი სედეკიასნი აღმოჰჴადნა და შეკრა იგი ბორკილითა და წარიყვანა ბაბილონად.

თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დათხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონს მიიყვანეს.

8

და თუესა მას მეხუთესა, შჳდსა მის თჳსასა, ესე წელი იყო მეათცხრამეტე მეფობასა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილოვანისა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთმთავარი წინაშემდგომელი მეფისა ბაბილონისა იერუსალჱმად.

მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ესე იგი, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელს, მოვიდა ნებუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი, იერუსალიმს.

9

და მოწვა ტაძარი უფლისა და სახლი მეფისა და ყოველი სახლები იერუსალჱმისა მოწვა ცეცხლითა.

და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.

10

და ზღუდე იგი იერუსალჱმისა გარემო დაარღჳა ყოველმან ერმან, რომელი იყო მზარაულთმთავრისა თანა.

დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ჯარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს მოჰყვა.

11

და დაშთომილი იგი ერი ქალაქსა შინა და რომელნი მოადგეს მეფესა ბაბილოვნისასა და ნეშტი იგი ერი ტყუედ წარიყვანა ნაბუზარდან.

ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა.

12

და გლახაკთაგანი ერისათა დაუტევა ნაბუზარდან მზარაულთმთავარმან ვენაჴისმოქმედად და ყანისმოქმედად.

ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა.

13

და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყუნეს სახლისა უფლისანი და ხარისხნი მათნი და ემბაზი იგი რვალისა, რომელი დგა სახლსა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა და წარიღეს რვალი იგი ბაბილონად.

სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.

14

და სიავები იგი და ფუცხუები და ფიალები და ყოველი ჭურჭელი რვალისა, რომლითა-იგი მსახურებედ, წარიღეს.

ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს;

15

და საცეცხურები და ფიალები ოქროსა წარიღო მზარეულთმთავარმან.

სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო.

16

და სუეტთა მათ ორთა და ხარისხთა და ემბაზისა მის, რომელი ექმნა სოლომონს სახლსა შინა უფლისასა, რომელი წარიღო ნაბუზარდან, არა იყო რიცხჳ სასწორისა რვალისა მის და ყოვლისა ჭურჭელისა.

წყვილი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; წონა არ ჰქონდა სპილენძს, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული.

17

ათურამეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა მის ერთისა და სუტისთავნი ორთა მათ სუეტთანი რვალისანი სამ-სამ წყრთა იყუნეს სიმაღლით თჳთო იგი სუეტისთავი და კანკელი და მროწეულები სუეტისთავთა მათ გარემო ყოველი რვალისა და მეორესა მას სუეტსა სუეტისთავი და კანკელი და მროწეულისსახედ ქმნული ისი.

თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.

18

და წარიყვანა მზარეულთმთავარმან არეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი იგი შემდგომი, და სამნი მცველნი ბჭეთანი.

გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და სამი ზღურბლის მცველი;

19

და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი ზედამდგომელი კაცთა მათ მბრძოლთა და ხუთი კაცი წინაშემდგომელთაგანი მეფისათა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა, და ერისთავი, მწიგნობარი იგი მთავრისა მის ერისა, რომელი განუყოფდა ერსა მის ქუეყანისასა და შვიდი კაცი ერისაგან ქუეყანისა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა.

ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილეელნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ.

20

და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან და მიიყვანნა მეფისა ბაბილონისა დებლათად.

აიყვანა ისინი ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.

21

და მოსწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილონისამან დებლათს ქუეყანასა ემათისასა და წარიტყუენა იუდა ქუეყანით თჳსით.

დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.

22

და ერსა მას ნეშტსა ზედა ქუეყანასა, რომელი დაუტევა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან, დაადგინა მას ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.

იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.

23

და ესმა ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისათა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია მასეფათს და მოვიდა გოდოლია მასეფათად და ისმაელ, ძე ნათანისი და იონან, ძე საკარესი და სარეა, ძე თანეასი მიკტოფატელი და იეზონია, ძე მაქატითელისა, იგინი და კაცნი მათნი.

გაიგეს ჯარის სარდლებმა და მათმა ხალხმა, რომ გედალიაჰუ დანიშნა უფროსად ბაბილონის მეფემ, და ეახლნენ გედალიაჰუს მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იონათან კარეახის. ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.

24

და ეფუცნეს გოდოლიასა თჳთ იგინი და კაცნი მათნი. და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ ქალდეველთაგან, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნელთასა და უკეთეს იყოს თქუენდა.

შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.

25

და იყო, თუესა მას მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძე ნათანისი, ძისა ელისამასი, ნათესავისაგან სამეუფოსა და ათი კაცი მის თანა. და სცეს გოდოლიას და მოკლეს იგი და ჰურიანი იგი და ქალდეველნი, რომელნი იყუნეს მის თანა მასეფათსა, მოსრნა.

მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ, და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას.

26

და აღდგა ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდამდე და მთავარნი იგი ერისანი და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ ეშინოდა პირისაგან ქალდეველთასა.

ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.

27

და იყო მეოცდაჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისასა, მეფისა იუდასასა, მეათორმეტესა თვესა, ოცდაშჳდსა მის თვისასა, აღამაღლა ევლათ, მაროდაქ მეფემან ბაბილოვანისამან, წელიწადსა მას მეფობისა მისისასა, თავი იოაკიმისი, მეფისა იუდასი, და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა თჳსისა.

იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდაშვიდი წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.

28

და იტყოდა კეთილსა მის თანა, დადგა საყდარი მისი ზემო კერძო საყდართა მეფისათა, რომელნი იყუნეს მის თანა ბაბილონს.

კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.

29

და შეუცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისა და ჭამდა პურსა მარადის წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა.

გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.

30

და როჭიკი მისი მარადის როჭიკად მიეცემოდა სახლისაგან სამეუფოსა ნაწილი დღისა დღესა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე.