მეორე ნეშტთა · თავი 6

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მაშინ თქუა სოლომონ: უფალმან თქუა დამკჳდრება წყუდიადსა შინა.

მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.

2

და მე ვაშენე სახლი სახელისა შენისა წმიდისა შენდად და განმზადებული სამკჳდრებელად საუკუნოდ.

სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.

3

და მოიქცია მეფემან პირი თჳსი და აკურთხა ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა, და ყოველი ერი ისრაჱლისა წინაშე დგა. და თქუა:

პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.

4

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითის მიმართ, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა

თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა:

5

და თქუა: მიერ დღითგან, ვინათგან აღმოვიყუანე ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, არა გამოვირჩიე ქალაქთა შინა ყოველთა შორის ტომთა ისრაჱლისათა შენებად სახლისა, რათამცა სახელი ჩემი მუნ და არა გამოვირჩიე კაცი მთავარად ყოფად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებელიყო ჩემი სახელი და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად.

6

და გამოვირჩიე იერუსალჱმი ყოფად სახელი ჩემი მუნ და გამოვირჩიე დავითის შორის, რათა იყოს ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა.

მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად.

7

და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთის ისრაჱლისა.

გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

8

და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ იყო გულსა შენსა შენებად სახლი სახელისა ჩემისათჳს, კეთილად ყავ, რამეთუ იყო გულსა შენსა.

უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.

9

ხოლო არა შენ მიშენო სახლი, არამედ ძე შენი, რომელი გამოვიდეს წელთაგან შენთა, ამან მიშენოს სახლი სახელისა ჩემისათჳს.

ოღონდ შენ არ ააშენებ სასლს, არამედ შენი შვილი. შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.

10

და აღადგინა უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა: დავდეგ მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დავჯედ საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა იტყოდა უფალი და ვაშენე სახლი ესე სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა ეფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.

11

და დავდგი კიდობანი შჯულისა უფლისაჲ, რომელი მოსცა ისრაჱლსა.

დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანებს რომ დაუდო.

12

და დადგა სოლომონ წინაშე საკურთხეველსა უფლისასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი.

დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო.

13

რამეთუ ქმნა სოლომონ ხარისხი რვალისა, და აღმართა იგი შორის ეზოსა მას ტაძრისასა, ხუთ წყრთა სიგრძე მისი და ხუთ წყრთა სივრცე მისი და სამ წყრთა სიმაღლე მისი. და აჰჴდა მას ზედა და დავარდა მუჴლთა ზედა თჳსთა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად

(გაკეთებული ჰქონდა სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა. შედგა მასზე), მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ.

14

და თქუა: უფალო ღმერთო ისრჱლისაო! არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხი აღთქმა და წყალობა მონათა შენთა წინაშე, რომელნი ვლენან შენსა ყოვლითა გულითა,

თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს მენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც ქვეყნად. შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.

15

რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.

შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს, და დღეს შენმა ხელმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.

16

და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა

ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ გამოგელევაო მემკვიდრე ჩემს წინამე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.

17

და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.

ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, რომ უბრძანე.

18

უკუეთუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა თანა ქუეყანასა ზედა? უკუეთუ ცა და ცანი ცათანი ვერ კმა არიან; და რა არს სახლი ესე, რომელი ვაშენე?

ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?

19

და აწ მოხედო ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო, სმენად ვედრებისა და ლოცვისა, რომელსა მონა შენი ილოცავს შენ წინაშე დღეს,

მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მორჩილი,

20

რათა იყუნენ თუალნი შენნი ახილულ სახლსა ამას ზედა დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ წოდებაჲ სახელი შენი მუნ, რათა ისმინო ლოცვა, რომელსა ილოცავს მონა შენი ადგილსა ამას.

რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი. რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.

21

და ისმინო ვედრებაჲ მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რაოდენსა ილოცვიდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინე ადგილსა სამკჳდრებელსა შენსა ზეცით და ისმინო და ლხინება-ყო.

ისმინე შენი მორჩილისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

22

და თუ ცოდოს კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და მოიღოს მის ზედა წყევა, რათა წყეოს იგი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე საკურთხეველსა სახლსა ამას შინა.

თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებს მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,

23

და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.

მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ; მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი. მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს.

24

და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.

თუ დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,

25

და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.

მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამა-პაპას მიეცი.

26

და უკუეთუ დაეყენოს ცა და არა იყოს წჳმა, რამეთუ შეგცოდონ შენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აქებდენ სახელსა შენსა, და მოიქცენ ცოდვათა მათთაგან, რაჟამს დამდაბლდენ იგინი.

როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

27

და შენ ისმინე მათი ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვათა მონათა შენთასა და ერისა შენისა ისრაჱლისასა, რათა აუწყო მათ გზაჲ იგი კეთილი, რათა ვიდოდიან მას ზედა და მოეც წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელი მოეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მათ მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის.

28

გინა თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი იყოს ქუეყანასა ზედა, ხორშაკი და გუნი, გინა მკალი, გინა ბუზი, ანუ თუ აჭირვებდეს მათ მტერი წინაშე ქალაქთა მათთა და ყოველივე გუემა.

შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება,

29

და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.

ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება, რომელიც იქნება თითოეული ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისკენ,

30

და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,

ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული, -

31

რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.

რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია.

32

და ყოველი უცხო, რომელი არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა და მოვიდეს ქუეყანით შორით სახელისათჳს შენისა დიდისა და ჴელისა შენისა მტკიცისა და მკლავისა შენისა მაღლისა, და მოვიდენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას.

იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო.

33

და შეისმინენ ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რაჲსათჳსცა გხადოდის შენ უცხოთესლი იგი, რათა იცნან სახელი შენი ყოველთა ერთა ქუეყანისათა და ეშინოდის შენდა, ვითარცა ერსა შენსა ისრაჱლსა, რათა საცნაურ იყოს, რამეთუ წოდებულ არს სახელი შენი სახლსა ამას ზედა, რომელი ვაშენე

ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე.

34

უკუეთუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა მისთა გზასა მას, რომელსა მიავლინნე იგინი და ილოცვიდენ შენდამი გზასა ამას ქალაქისა ამის, რომელი გამოირჩიე და სახლი, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისაკენ, შენ სახელზე რომ აგაშენე,

35

და შენ შეისმინე ვედრებისა მათისა და ლოცვისა მათისა და ყავ ზეცით სამართალი მათი.

მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.

36

რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და მოსრნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე პირსა მტერთასა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა მათთა ქუეყანად მტერთა, ქუეყანად შორად, გინა მახლობელად.

როცა შეგცოდავენ - რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, - განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,

37

და მოიქცენ გულითა ქუეყანათა მათთა, ვიდრე-იგი წარტყუენნენ მუნ და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა და იტყოდიან: ვცოდეთ და უსჯულოებაჲ ვყავთ, და სიცრუესა შინა ვიდოდეთ ჩუენ.

გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,

38

და მოიქცენ შენდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ქუეყანისა მისგან წარმტყუენველთა მათთასა და ილოცვიდენ გზასა ქუეყანისა მათისასა, რომელი მიეც მამათა მათთა და ქუეყანასა ქალაქისა მის, რომელი გამოირჩიე და სახლისა, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.

როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,

39

და ისმინო მათი განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა მათისა და ვედრებისა მათისა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ჰყო სამართალი და მლხინებელ ეყო ერსა, რომელმან შეგცოდოს შენ.

მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩანე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა.

40

და აწ იყუნენ, უფალო, თუალნი შენნი ახილულ და ყურნი შენნი მსმენელ ვედრებასა ამის ადგილისასა.

ახლა კი, ღმერთო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას.

41

და აწ აღდეგ, უფალო, ღმერთო, განსასუენებელსა შენსა, შენ და კიდობანი ძლიერებისა შენისა! მღდელთა შენთა, უფალო ღმერთო, შეიმოსო ცხორებაჲ და ძენი შენნი იხარებდენ კეთილსა შინა.

ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.

42

უფალო, ღმერთო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა! მოიჴსენე წყალობაჲ დავითისი, მონისა შენისა!

უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მორჩილის, ქველი საქმეები.