მეორე ნეშტთა · თავი 31
და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, განვიდა ყოველი ისრაჱლი, რაოდენნი იპოვნნეს ქალაქებსა იუდასასა, შემუსრეს ძეგლები იგი, და მოკაფეს სერტყები, და დაარღჳნეს მაღალნი და ბომონნი ყოვლისაგან ქუეყანისა იუდასა და ბენიამენისა, და ეფრემისისა, და მანასესისა ვიდრე სრულიადმდე და მიიქცა ყოველი ისრაჱლი კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა და ქალაქსა თჳსსა
ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, გაჩეხეს აშერები, დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში, ერთიანად. დაბრუნდა ყველა ისრაელიანი თავთავის სამკვიდრებელში და ქალაქში.
და განუწესა ეზეკია მდღევრი მსახურებაჲ მღდელთა და ლევიტელთა, და მდღევრი მსახურებაჲ კაცად-კაცადისაებრ მსახურებისა მღდელთასა და ლევიტელთა ყოვლად დასაწველთა დასაკლველთა მათ ცხორებისათა, და ქებად და აღსარებად და მსახურებად ეზოთა სახლისა უფლისათა.
დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად.
და ნაწილი მეფისა ნაყოფთაგან მისთა ყოვლად დასაწველად განთიადისა და მწუხრისა, ყოვლად დასაწველი შაბათთა და თთჳსთავთა, და დღესასწაულთა და წერილთა სჯულსა უფლისასა.
დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მკჳდრ იყნნეს იერუსალჱმს, რათა მისცენ ნაწილი მღდელთა და ლევიტელთა, რათა განძლიერდენ მსახურებასა სახლისა უფლისასა.
უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული.
და ვითარ-იგი უბრძანა სიტყუაჲ ესე, გარდარიეს ძეთა ისრაჱლისათა პირველი ნაყოფი იფქლისა, და ღჳნისა, და ზეთისა, და თაფლისა, და ყოველი ნაყოფი ველისა, და ათეული ყოველი მოიღეს მრავლად ფრიად
როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანებმა ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი. სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.
ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს ქალაქებსა იუდასასა და მათცა მოასხეს ათეული ზროხათა და ცხოვართა და ათეული თხათა, წმიდა-ყვეს უფლისა ღმრთისა მათისა და შეიღეს და დადვეს ხვავად და ხვავად.
ისრაელიანებს და იუდიანებს, იუდას ქალაქების მკვიდრთ, მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი - შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს.
თუესა მესამესა იწყეს მოღებად ხუავებისა მის და მეშჳდესა აღასრულეს.
მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს.
და მოვიდა ეზეკია და მთავარნი იგი და იხილეს ხუავები იგი და აკურთხეს ღმერთი და ერი მისი ისრაჱლი.
მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი - ისრაელი.
და ჰკითხვიდა ეზეკია მღდელთა მათ და ლევიტელთა ხვავებისა მისთჳს.
ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე.
და ჰრქუა აზარია მღდელმან, მთავარმან სახლისა სადუკისამან: ვინათგან იწყეს პირველ ნაყოფსა მას შემოღებად სახლსა უფლისასა, ვჭამეთ და ვსუთ, და დაგჳშთა, რამეთუ უფალმან აკურთხა ერი თჳსი და დაშთა ესოდენი ესე სიმრავლე.
მიუგო მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.
და ჰრქუა მათ ეზეკია მერმე: გან-ვე-მზადეთ სენაკები სახლსა უფლისასა. და მზა-ყვეს.
ბრძანა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.
და შეიღეს მუნ პირველი ნაყოფთა და ათეული სარწმუნოებით. და მას ზედამდგომელ ქოვქენიას ლევიტელი და სემეი, ძმა მისი, ნაცვლად მისა,
შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.
იეიელ, და აზარია, ნათან, და აზაელ, და იერიმოთ, და იოაზაბათ, და ელიელ, და სამაქია და მაათ და ბანაია, ძენი მისნი, დადგინებულნი, რომელნი იყუნენ ჴელთა ქონენიეს და სემეის მიერ, ძმისა მისისა, ვითარცა-იგი უბრძანა ეზეკია მეფემან, და აზარია მთავარმან სახლისა უფლისამან
იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ, მახათი და ბენიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქონანიაჰუსა და მისი ძმის, შიმყის ხილქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის ბრძანებით.
და კორე იემნასი ლევიტელმან მეკარემან, მზისა აღმოსავლით ერდოებსა ზედა მიცემად პირველთა ნაყოფთა უფლისათა და წმიდა წმიდათასა,
კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმიდა შეწირულობანი.
ჴელითა ოდომისითა და ბენიამენისითა, და იეუ, და სემეი, და მარეა, და სექონია, ჴელითა მღდელთა სარწმუნოებით მიცემად ძმათა მათთა მსგავსად მდღევრისა მის მსახურებისა დიდისაებრ და მცირისა,
მისი ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუაყი, შემაყიაჰუ, შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ მოძმეთათვის მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის,
გარნა ნაშობთა მათ წულთა სამისა წლითგანისა და უზეშთაესისა ყოვლისა შემავალისა სახლსა უფლისასა და სიტყუად დღითიდღედისა და მსახურებისა მის მდღევრისა ბრძანებულისა მათისა,
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა გარდა სამი წლიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისთვის ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის, მათ თანამდებობებზე დასებისდა მიხედვით,
ესე არს ნაწილად ხუედრებაჲ მღდელთა სახლად-სახლად მამათასა და ლევიტელნი დღითიდღედსა მსახურებასა თჳსსა ოცით წლითგანი და უზეშთაესი განწესებით ხვედრებით,
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოც წელს გადაცილებულ ლევიანთათვის, თავიანთ თანამდებობისა და დასებისდა მიხედვით,
ყოველსა ნაშობსა ძეთა მათთასა და ასულთა მათთასა და ყოველსა მას სიმრავლესა, რამეთუ სარწმუნოებით განწმიდეს სიწმიდე იგი ძეთა ჰარონისთა,
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისთვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად გაინათლნენ სიწმიდისთვის.
რომელნი მღდელობდეს ყოველსა ქალაქად და ქალაქად, კაცნი, რომელთა სახელ-ედვა სახელით, რათა მისცემდენ ნაწილსა ყოველსა წელსა მღდელთა შორის და ყოველსა აღრაცხილსა ლევიტელთა შორის.
ხოლო აარონიანთათვის - მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.
და ყო ესრეთ ეზეკია ყოველსა შორის იუდასა და ქმნა კეთილი და სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში. იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის წინაშე.
და ყოველსა საქმესა, რომელსა იწყო საქმედ სახლსა უფლისასა, და შჯულსა უფლისა და ბრძანებასა, ყოველსავე შინა ეძიებდა ღმერთსა ყოვლითა გულითა მისითა, ყო და წარემართა.
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.
