მეორე ნეშტთა · თავი 18

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო იოსაფატისა მერმეცა სიმდიდრე და დიდებაჲ ფრიად. და ემზახა სახლსა აქაბისასა.

უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა აქაბს.

2

და შემდგომად მრავლისა წლისა შთავიდა აქაბისა სამარიად და დასწყჳდა აქაბ იოსაფატისთჳს და ერისა მისისათჳს ცხოვარი და ზროხა მრავალი, რამეთუ უყუარდა და ინება მის თანა შთასლვად რემონად გალაადისასა.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა აქაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა აქაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გალაადის რამოთში ლაშქრობაზე.

3

და ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს, მეფესა იუდასასა: უკუეთუ მოხჳდე ჩემ თანა რემონად გალაადისა? და ჰრქუა მას იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი შთავიდეთ შენ თანა ბრძოლად.

უთხრა აქაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: წამომყვები გალაადის რამოთზე? მიუგო: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში.

4

და მერმე ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: გამოვიძიოღა დღეს უფლისა მიერ.

უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.

5

და შეკრიბნა აქაბ მეფემან ისრაჱლისამან წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი ოთხასი კაცი და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემონად გალადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს მას: აღვედ! და მოსცნეს უფალმან ჴელითა მეფისათა.

შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში ღმერთი.

6

და თქუა იოსაფატ: არა ვინ არს აქა სხუაჲ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ. და გამოვიძიოთ მისგანცა უფლისა მიერ.

თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?

7

და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არსღა კაცი ერთი კითხვად მის მიერ უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს იგი ჩემთჳს კეთილსა, არამედ ყოველნი დღენი მისნი არიან ჩემთჳს ბოროტ. და ესე არს მიქეა, ძე იემლისი, და ჰრქუა იოსაფატ: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე

უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაი იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.

8

და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: სწრაფით მომგუარე მიქეა, ძე იემლისი.

უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ ჯარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქაი იმლას ძე.

9

და აქაბ, მეფე ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, ჯდა კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა შემოსილი სამკაულითა ფართოთა მათ კართა ბჭისათა სამარიასთა და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა.

ისრაელის მეფე და იუდეას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.

10

და ქმნნა სედეკია, ძემან ქანაანისამან, ცრუწინაწარმეტყუელმან რქანი რკინისანი და თქუა: ესრე იტყჳს უფალი, ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრე მოესრულოს.

გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.

11

და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ესრეთ, იტყოდეს: აღვედ რემონად გალაადისა და წარგემართოს, და მოსცნეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.

12

და მოციქული იგი, რომელი წარვიდა წოდებად მიქეასა, ეტყოდა მას და ჰრქუა: აჰა ესერა, იტყოდეს წინაწარმეტყუელნი ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. და იყუნედ სიტყუანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდი კეთილსა მეფისათჳს.

ასე ეუბნებოდა მიქაის მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.

13

და თქუა მიქეა: ცოცხალ არს უფალი, რამეთუ რასაცა მეტყოდის მე უფალი, მასცა ვიტყოდი.

თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.

14

და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა.

მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქაი! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.

15

და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა.

უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?

16

და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით.

უთხრა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.

17

და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისმან იოსაფატს: არა გითხარა შენ, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა?

უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.

18

და თქუა მიქეა: არა ეგრე, არამედ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ და გითხარ თქუენ: ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ძალნი ცათანი დგეს მარჯუენით მისა და მარცხენით.

თქვა მიქაიმ: აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.

19

და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რემონს გალაადისასა და თქუა ამან ესრეთ, და მან თქუა ესრეთ.

თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას.

20

და გამოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი?

21

და მან თქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა მას უფალმან: აცთუნე! და თუ შეუძლო, განვედ და ყავ ეგრეთ.

მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

22

და, აჰა ესერა, მოსცა უფალმან სული ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა ამათ შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა.

აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.

23

და მიეახლა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა მიქეას ღაწუსა. და ჰრქუა მას: ვინათ გზით წარვიდა სული უფლისაჲ ჩემგან? და გეტყოდა შენ.

მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და სილა გააწნა მიქაიას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?

24

და ჰრქუა მას მიქეა: აჰა, შენ იხილო მას დღესა შინა, რომელსა შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად.

თქვა მიქაიმ: მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.

25

და თქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან: წარიყვანეთ მიქეა და მიაქციეთ სემერისა, მთავრისა ქალაქისა, და იოასის მთავრისა, ძისა მეფისასა.

თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარით მიქაი და მიჰგვარეთ ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს.

26

და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე: შესუთ ეგე სახლსა საპყრობილისასა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და წყალსა იწროებისასა ვიდრე მოქცევად ჩემდამდე მშჳდობით.

და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.

27

და ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, არა ვიდრემე მეტყოდა მე უფალი, ისმინეთ ყოველმან ერმან.

თქვა მიქაიმ: თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: ისმინეთ ყეელამ, ხალხნო!

28

და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფჱ იუდასი, რემონად გალაადისასა.

წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.

29

და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: დამფარე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად.

უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.

30

და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მეეტლეთა მისთა, რომელნი იყუნეს მის თანა და ჰრქუა: ნუ ვის ჰბრძავთ მცირესა და დიდსა, გარნა მეფესა ისრაჱლისასა მარტო.

უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.

31

და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლებისათა იოსაფატ, თქუეს: მეფე ისრაჱლისა არს ესე და გარემოადგეს მას ბრძოლად და ღაღად-ყო იოსაფატ და უფალმან განარინა იგი და გარეწარაქცივნა იგინი ღმერთმან მისგან.

როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა და უფალი შეეწია - ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი.

32

და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლისათა, რამეთუ არა არს იგი მეფჱ ისრაჱლისა გარეწარჴდეს მას.

როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.

33

და ერთმან კაცმან მოირთხა მშჳლდსა მარჯუედ, და სცა მეფესა ისრაჱლისასა შორის ნესტუ ფერდსა და შორის მკერდსა. და ჰრქუა მწაფელსა ეტლისა მისისასა: მოაქციენ ჴელნი შენნი და განმიყვანე მე ბრძოლისა ამისგან, რამეთუ მელმის.

ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.

34

და იძლია ბრძოლა იგი მას დღესა შინა, და მეფე ისრაჱლისა დგა ეტლთა ზედა ვიდრე მწუხრადმდე წინაშე ასურეთისა. და მოკუდა დასლვასა ოდენ მზისასა.

გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას.