მეორე ნეშტთა · თავი 17

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა.

მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.

2

და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი დაიპყრნა ასა, მამამან მისმან.

ჩააყენა ჯარი იუდას ყველა ციხე-ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო.

3

და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა.

უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია.

4

არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი საქმენი.

ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა, და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.

5

და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად.

გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.

6

და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით.

გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.

7

და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა სწავლად ქალაქთა იუდასთა,

მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.

8

და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი.

თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი.

9

და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას.

მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.

10

და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს.

უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

11

და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა.

ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.

12

და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და ქალაქნი ძლიერნი.

თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.

13

და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს.

მრავალი საშრომელი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი მაგარი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.

14

და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა, ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი ათასნი;

აჰა, მათი მოვალეობანი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასიათასი მაგარი ვაჟკაცი.

15

და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა ორასოთხმოცი ათასი;

მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოციათასი ჰყავდა.

16

ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა;

მის მერე იყო ყამასია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი.

17

და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი.

ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი.

18

და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი ძლიერნი ბრძოლასა.

მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი.

19

ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა.

აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა.