ოსია წინასწარმეტყველი · თავი 9

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ნუ იხარებ, ისრაჱლ, ნუ იშუებ, ვითარცა ერნი შენნი, რამეთუ განჰმეძვენ ღმრთისაგან შენისა. შეიყუარენ საცემელნი ყოველთა ზედა კალოსა იფქლისასა.

ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.

2

კალომან და საწნეხელმან არა იცნნა იგინი და ღჳნომან უტყუა მათ.

კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.

3

არა დაემკჳდრნეს ქუეყანასა შინა უფლისასა. დაემკჳდრა ეფრემ ეგჳპტესა და ასსურასტანელთა შორის, არაწმიდათა ჭამდენ,

არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.

4

არ აღუფქურიეს უფალსა ღჳნოჲ და არა დაუტკბნეს მათ მსხვერპლნი მათნი, ვითარცა პურთა გლოისა მათისათა. ყოველნი მჭამელნი მათნი შეიგინნენ მით, რამეთუ პურნი მათნი სულთა მათთანი არა შევიდენ სახიდ უფლისა.

არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.

5

რაჲ ჰყო დღესა შინა კრებისასა და დღესა შინა დღესასწაულისა უფლისასა?

რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?

6

ამისთჳს, აჰა, ვიდოდიან საარებისაგან ეგჳპტედ და ელოდის მათ მემფი. და დაფლნეს იგინი მაქმამან. ვეცხლი მათი მოსასრველმან დაიმკჳდროს, ეკალნი კარვებთა შორის მათთა.

რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში.

7

მოიწინეს დღენი შურის-გებისანი, მოიწინეს დღენი ნაცვლის-გებისა შენისანი და შეჰავნეს ისრაჱლნი, ვითარცა წინაწარმეტყუელი განკთომილი, კაცი სულშემოსილი, სიმრავლისაგან სიცრუეთა შენთასა განმრავლდა სიცბილი.

დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?

8

მსტუარი ეფრემ ღმრთისა თანა წინაწარმეტყუელი, მახე გულარძნილი ყოველთა ზედა გზათა მისთა, ბორგაჲ სახლსა შინა ღმრთისასა დაამტკიცეს.

ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.

9

განიხრწნნეს დღეთა მათებრ ბორცჳსათა, მოიჴსენნეს უსამართლოებანი მათნი, შურ-იგოს ცოდვათა მათთა,

ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.

10

ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ. იგინი შევიდეს ბეელფეგორის მიმართ, და უცხო იქმნეს სირცხჳლად და იქმნნეს მოძულებულნი, ვითარცა შეყუარებულნი.

ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

11

ეფრემ, ვითარცა მფრინველი, განფრინდა, დიდებანი მათნი შობისაგან და ლმობათა და მიდგომილებათა

ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!

12

მით, რამეთუ, უკუეთუ განზარდნენ შვილნი მათნი, უშვილო იქმნენ კაცთაგან. ამისთჳს ვაჲ მათდა არს ჴორცი ჩემი მათგან.

თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!

13

ეფრემ, ვითარსახედ ვიხილე, სანადიროდ წარმოუდგა ყრმათა მათთა, და ეფრემ განყუანებად განსაწერტელად შვილთა მისთა

ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს.

14

მიეც მათ, უფალო, რაჲ მისცე მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოჲ და ძუძუნი ჴმელნი.

მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.

15

ყოველი უკეთურებაჲ მათი გალგალას შინა, რამეთუ მუნ მოვიძულნე იგინი, უკეთურებათათჳს სიმარჯუეთა მათთაჲსა სახლისაგან ჩემისა განვჴადნე იგინი, არღარა შევსძინო შეყუარებად მათდა. ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.

გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი.

16

ელმოდეს ეფრემს ძირნი მისნი. განჴმა არღა მერმე არგამოღებად ნაყოფი მით, რამეთუ უკეთუ შვნენ, მო-ვე-ვსწყუედ გულისსათქმელთა მუცლისა მათისათა.

დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.

17

განიშორებს მათ ღმერთი, რამეთუ არ შეისმინეს მისი, და იყუნენ ცთომილებ წარმართთა შორის.

მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.