ოსია წინასწარმეტყველი · თავი 1
სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსეს მიმართ, ძისა აბერისა, დღეთა ოზიასთა, და იოათამისთა, და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაილისათა:
უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.
დასაბამი სიტყუათა უფლისათა ოსეს მიმართ: და ჰრქუა უფალმან ოსეს: წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი მისნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანასა უკანათგან უფლისა.
როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.
და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული დებელაიმისი, და მიუდგა და უშვა მას ძე.
წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.
და ჰრქუა ღმერთმან: უწოდე იეზრაელ ამისთჳს, რამეთუ მცირედღა და შური ვიძიო მე სახლისა მისთჳს იეზრაელისა და სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობა ისრაილისაჲ.
უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.
და იყოს მათ დღეთა შინა, შევმუსრო მშჳლდები იეზრაელისაჲ, ღელესა მას იეზრაელისასა
იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.
და მიუდგა და უშვა მას ასული და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი არაშეწყალებულ, რამეთუ არღარა შევსძინო მერმე შეწყალებად სახლი ისრაილისაჲ, არამედ წინააღმდგომით წინაღუუდგე მათ.
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი) , რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.
ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყნარნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, და არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა ბრძოლითა, არცა ცხენებითა, არცა მჴედრობითა
იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
და სძესა განეყენა არაშეწყალებული იგი, და მერმე მიუდგა და შვა ძე
მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.
და უწოდა სახელი მისი - არა ერი ჩემი, და არა ვარ ღმერთი თქუენი, რამეთუ არა ხართ თქუენ ერი ჩემი
თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი) . რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.
და იყოსღა თუ რიცხჳ ძეთა ისრაილისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ, რომელი არა აღიწყოს და არცა აღირაცხოს, ნეშტი ოდენ ცხონდეს. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ეწოდოს მათ ძე ღმრტისა ცხოველისა.
და შეკრბენ ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაილისანი ერთად, და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი, და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღე იგი იეზრაელისა.
