ოსია წინასწარმეტყველი · თავი 10
ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა ძეგლებნი,
დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.
განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი
ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.
მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?
რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი - რა უნდა გვიყოსო მეფემ.
მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ. აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა,
მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.
ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა.
შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას.
და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა.
თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა ზედა უფლისასა.
გაქრება სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე.
და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი. ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა,
განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!
ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ ეწიოს მათ.
გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში ბოროტეულთა წინააღმდეგ გალაშქრება.
ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა მათთა.
ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო.
ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა მისსა იაკობ.
გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.
სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა.
თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.
რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით? შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა შინა ძალისა შენისასა?
თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.
და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს.
აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, როდესაც დედა აკუწეს შვილებთან ერთად.
ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებათა თქუენთასა.
ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.
