ნეემია · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო თვესა მას ნისანსა, მეოცესე წელსა არტაშეს მეფისასა, და მიითხოვა ჩემგან ღვინო, და მოვიღე ღვინო და ვასუ მეფესა. და იყო მეფე იგი მარტო. რაჟამს შესუა ღვინო იგი,

ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მეფეს მივართვი; რაკი მწუხარე არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,

2

მრქვა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი? და არარა არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკჯურება და შემეშინა მე ფრიად.

მეფემ მითხრა: რატომ გაქვს მწუხარე სახე? ავად არა ხარ. ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის მწუხარებაო. ძალზე შევშინდი.

3

და ვარქუ მეფესა მას: მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, რასათჳს არა იყოს მჭმუნვარე და მწუხარე პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთა უდაბნო არს? ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა.

ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?

4

და მრქვა მე მეფემან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათასა.

მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.

5

და ვარქუ მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილ, და თუ ვპოვე მონამან შენმან წინაშე პირსა შენსა მადლი, და მნებავს მივლინება ჩემი ურიასტანად, ქალაქსა საჴსენებელთა მათ მამათა ჩუენთასა, და მე სიტყჳთა შენითა აღვაშენო იგი.

და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე თანახმაა და თუ შენმა მორჩილმა მადლი ვპოვე შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც მამა-პაპის საფლავები მეგულება, და ავაშენებ მას.

6

და მრქვა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან, და განმიტევა მე, და მე დაუდევ მას დრო.

მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც გვერდში ეჯდა: რამდენ ხანს იქნები წასული და როდის დაბრუნდები? მეფემ ინება ჩემი გაშვება და მეც ვადა დავუთქვი.

7

და ვარქუ მეფესა მას: უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მისთა მიერ კერძო მდინარისა მის, და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ურიასტანად,

ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.

8

და წიგნი ერთი ასაფისა, რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეფოსა, რათა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს ზღუდეთა მათ განსაგებელად მის ქალაქისათა და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისა იყო ჩემ თანა კეთილობით

ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.

9

და მოვედ მთავართა მათ მდინარითკერძოთა და მივეც მათ წიგნები იგი მეფისა, და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და ცხენოსნები.

მივედი მდინარისგაღმელ მთავრებთან და მეფის წერილები გადავეცი. მეფემ თან მხედართმთავრები და მხედრები გამომაყოლა.

10

და ესმა ანბალატს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისასა, და ბოროტი უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს.

გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა.

11

და მოვედით იერუსალემად, და ვიყავ მუნ სამ დღე ოდენ.

ავედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.

12

და აღვდეგ ღამე მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნენ, და არა უთხარ კაცთა მათ, ვითარმედ რა შთამიგდო ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს, და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტო იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი.

ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად, ისე რომ კაციშვილისთვის არ მითქვამს, თუ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის; არავითარი პირუტყვი თან არ მყოლია, გარდა იმ პირუტყვისა, რომელზეც თავად ვიყავი ამხედრებული.

13

და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღვარევისასა, პირსა ზედა ქუეყანისა მის ლელოვანისასა, ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისათა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმინდა და ბჭენი მისნი განრყუნილ იყუნეს ცეცხლითა.

ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.

14

და განელე მე ბჭესა მას წყაროსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისა მის ჩემისათჳს, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ.

მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.

15

და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღვარევით კერძოსა ღამე, და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა და ვიყავ ბჭესა მის თანა ჴევისასა და მოვიქეც.

ღამით ავუყევი ხევს, დავათვალიერე კედელი, მერე უკან გამოვბრუნდი, წამოვედი ხეობის კარიბჭით და დავბრუნდი.

16

და არა აგრძნეს მჴუმილავთა მათ, ვიდრე არა მისრულ ვიყავ, ანუ რასა ვიქმოდე ურიათა მათ და მღდელთა პატიოსანთა და ერისთავთა და სხვათაცა, რომელნი ადასრულებდეს ღვაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა.

მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.

17

და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ერთ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი მისნი ცეცხლითა მომწვარ, მოვედით და აღვაშენოთ ზღუდენი იერუსალჱმისანი, და არღარა ვიყვნეთ საყუედრელ.

ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლში გადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.

18

და უთხარ მათ, ვითარმედ: ჴელი უფლისა იყო ჩემ თანა კეთილობით, და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე, და ვარქუ მათ: და აღვდგეთ, ვიქმოდეთ და აღვაშენოთ და განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად.

ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.

19

და ესმა სანაბანატს, ჰარონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა და გვეკიცხევდეს ჩუენ. და მოვიდეს ჩუენდა, მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქთ? და გნებავს მეფისაგან განდგომა?

გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?

20

მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგვიმართა ჩუენ, და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმინდანი, და აღვაშენოთ, და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს.

სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი: ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.