იესო ნავეს ძე · თავი 3
და აღიმსთო ისო განთიად. და წარმოიძრნეს სატიმით და მოვიდეს იორდანედ ოდენ. და დადგეს მუნ წიაღსლვადმდე.
ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა, და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
და იყო, შემდგომად სამისა დღისა გამოვლეს მწიგნობართა მათ ბანაკი იგი
სამი დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი,
და ამცნეს ერსა მას და ჰრქუეს: რაჟამს იხილოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი, რომელთა აღეღოს იგი, წარემართენით ადგილთაგან თქუენთა და შეუდეგით უკუანა მათსა.
დაარიგეს ხალხი და უთხრეს: როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით.
და იყავნ განშორებაჲ საშუვალ თქუენსა და მისსა ორ ათასითა ოდენ წყრთითა, ადგილ-იპყართ ნუ შეეახლებით მას არამედ რათა უწყოდით ოდენ გზაჲ, რომელსა ხჳდოდით, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა ამას გუშინ და ძუღან დღეთა.
ოღონდ ორი ათასი წყრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან; ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.
და ჰრქუა ისო ერსა: განწმიდენით ხვალისა რამეთუ ხვალე ყოს უფალმან თქუენ შორის საკჳრველი.
უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს.
და ჰრქუა ისო მღდელთა: აღიღეთ კიდობანი იგი შჯულისაჲ და წარუძეღუთ ერსა ამას. და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ვიდოდეს წინა ერისა მის.
ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.
და ჰრქუა უფალმან ისოს: ამას დღესა შინა ვიწყებ აღმაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რათა უწყოდიან, რამეთუ, ვითარცა ვიყავ მოსეს თანა, ეგრე ვიყო შენ თანაცა.
უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.
აწ ამან მღდელთა, რომელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ დ არქუ: რაჟამს შეხჳდეთ ზოგსა წყალსა იორდანისასა, იორდანესა შინა ადგილ-იპყართ.
შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.
და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: მოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
უთხრა იესომ ისრაელიანებს: ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები.
ამით გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ ღმერთი ცხოველი არს ჩუენ შორის და მოსრვით მოსრნეს პირისაგან თქუენისა ქანანელნი და ქეტელნი და ეველნი და ფარეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.
თქვა იესომ: ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს.
აჰა, ესერა, კიდობანი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა წიაღვალს იორდანესა.
აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს.
გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათა: ერთი თითოსაგან ნათესავისა.
ახლა, ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის შტოთაგან, თითო კაცი თითო შტოდან.
და იყოს, რამეთუ დადგენ ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აღეღოს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისა დასწდეს, ხოლო წყალი იგი დამომავალი დადგეს.
როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება.
და წარიძრა ერი იგი საყოფელთაგან მათთა წიაღსლვად იორდანესა. ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ წარძღუანვად ერისა.
როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.
და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა იორდანედ, და ფერჴნი მღდელთანი მათ კიდობნისა აღმღებელთანი შეისოლვნენ მცირედ წყალსა იორდანისასა, ხოლო იორდანე სავსე იყო რაჲთურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა.
როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),
დადგეს წყალნი იგი ზენადამომავალნი. დგა მკდნარად განყენებულად შორს ჯეკმა ფრიად ადამინითაგან ვიდრე კარიათიმდმდე, ხოლო შთამავალი იგი შთაჴდა ზღვასა მარილოვანსა და სრულიად მოაკლდა და ერი იგი დგა მართლ იერიქოჲსა.
დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
და დგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ჴმელსა ზედა შორის იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი წიაღვიდოდეს ჴმელსა, ვიდრემდის დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა.
უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.
