იესო ნავეს ძე · თავი 18
და განკრბა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა სელომდ. და აღდგეს მუნ კარავი საწამებელისაჲ და ქუეყანაჲ დაიპყრა მათგან.
შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არღა დაემკჳდრა შჳდნი ნათესავნი.
შვიდი შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო.
და ჰრქუა მათ ისო: ვიდრემდის აჰხუმიდეთ დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.
უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ?
მომცენით მე თქუენნი სამნი კაცნი ნათესავისაგან და წარვავლინნე იგინი. და აღდგენ და მოვლონ ქუეყანაჲ და აღწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარცა ჯერ-არს განყოფაჲ მისი.
თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
და მოვიდეს მისსა და განუყვეს მათ შჳდად ნაწილად იუდაჲ. დადგეს საზღვრად მათა ბღუარით კერძო. და ძენი იოსებისნი დადგეს საზღვართა ზედა მათთა, ჩრდილოჲთ კერძო.
შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით.
ხოლო თქუენ განიყავთ ქუეყანა იგი თქუენდად შჳდად ნაწილად და მომართჳთ მე აქა. და გამოგცე თქუენ ნაწილი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
რამეთუ არა არს ნაწილი ძეთა ლევისთა თქუენ შორის. და მღდელობაჲ უფლისა ნაწილად მათა არს: და გად და რუბენ და ზოგმან ნათესავმან ძეთა მანასესთამან მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიაღ იორდანესა. აღმოსავალით, რომელ მისცა მათ მოსე, მონამან უფლისამან.
ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენს შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
და აღდგეს კაცნი იგი და წარვიდეს. და ამცნო ისო, რომელნი-იგი წარვიდეს განზომად ქუეყანისა მის და ჰრქუა: წარვედით და განზომეთ ქუეყანაჲ და მოვედით ჩემდა აქა და მოგცე თქუენ სამკჳდრებელი წინაშე უფლისა სელომს შინა.
ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში.
და წარვიდეს, და განზომეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და აღწერეს ქალაქად-ქალაქად შჳდად ნაწილად წიგნსა და მოართუეს ისოს სელომდ.
წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით შვიდ ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილოამის ბანაკში.
და შთაუთხინა მათ ისო წილნი სელომს წინაშე უფლისა.
უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
და აღმოუჴდა წილი ნათესავსა ბენიამენისსა პირველად ტომად-ტომად მათა. და აღმოუჴდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუვალ იუდაჲსა და საშუვალ ძენი იოსებისნი.
ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით: წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის.
და იყვნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანით. და აღვიდეს საზღვარნი ზურგით იერიქოჲსა ჩრდილოჲთ კერძო და აღვიდეს მთასა ზღუად კერძო. და იყოს გამოსავალი მისი მადბარიტის ბეთავნი.
იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში.
და განვიდეს მიერ საზღვართა ლუზასათა ზურგით კერძო ლუზასა ბღუარით (ესე არს ბეთელი).
აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.
და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.
უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.
სამხრეთი მხარე იწყება კირიათ-იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთოახის წყაროებამდე.
და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.
ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე.
და განვიდეს წყაროსა ზედა სამოჲსასა.
უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეშში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, და ეშვება რეუბენის ძის, ბოჰანის, ქვასთან.
და განვიდეს გალილოთად, რომელ არს მართლ აღსავალსა ედომისასა, და შთავიდეს ქვად კერძო ბეან ძისა რუბენისსა და განვიდეს ზურგით ბეთაბრა ჩრდილოჲთ კერძო.
ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
და შთავიდეს ზურგით კერძო ბეთაგლად, ჩრდილოჲთ კერძო. და იყო საზღვარი გამოსავალთაჲ ცხჳრად კერძო ზღუად მარილოვნისა ჩრდილოჲთ ნაწილსა იორდანისასა,
გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი.
ბღუარით კერძო. ესე საზღვარნი ბღუარით კერძონი და იორდანე ეზღუანვის ნაწილითგან აღმოსავალით, ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა, საზღვარნი მისნი გარემო ტომად-ტომად მათა.
იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებითურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.
და იყვნეს ქალაქნი ძეთა ბენიამენისთა ტომად-ტომად მათა: იერიქოჲ,
ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი;
და ბეთაგლაჲ, და ამეკანი, და თარაბაჲ, და სემბრიმი, და ბეთელი,
ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთ-ელი;
და აჳმმი, და აფარი,
ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა;
და ეკრენი, და კაფერამ მისი, და გაბაჲ, და ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.
ქეფარ-ყამონაი, ყოფნი და გაბა - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ.
გაბაონი, და ჰრამაჲ, და ბეროთი.
გაბაონი, რამა და ბეეროთი;
და მასფაჲ, და კეფირაჲ, და ამოსაჲ.
მიცფე, ქეფირა და მოცა;
და რეკიმი, და იერფაელი, და თარალაჲ.
რეფემი, ირფეელი და თარალა;
და სჱ, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალჱმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.
ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
